გმირობის ყოველდღიური მაგალითები, გადარჩენილი შვილები და განკურნებული მშობლები... ისტორიები, რომლებიც კოვიდ-ჰოსპიტლების კედლებს მიღმა რჩება, ადამიანები, რომლებიც სიცოცხლის გადასარჩენად იბრძვიან და შემთხვევები, რომლებიც სასწაულის რწმენას გვიმტკიცებს - ეს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური ცხოვრებაა კოვიდ-ინფექციის პირობებში. გლობალური პანდემიის რეალობაში აღმოჩენილი მსოფლიო ჯანდაცვა Covid 19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაზე მუშაობს, სამედიცინო პერსონალი კი ვირუსს 24-საათიან რეჟიმში ებრძვის.
სწორედ ფრონტის წინა ხაზზე მდგომი ექიმების, ექთნების, სანიტრებისა და სამედიცინო სფეროში მოღვაწე თითოეული ადამიანის შრომის დაფასებაა ევექსი ჰოსპიტლების კამპანია, რომელიც მედპერსონალისთვის მადლობის გადახდის საშუალებას გვაძლევს. #მიწერემადლობა, როგორც მასშტაბური პროექტი, მედპერსონალის გმირობის ყოველდღიური მაგალითების საზოგადოებამდე მიტანას და მათ შორის საკომუნიკაციო არხის შექმნას ემსახურება. ონლაინ-პლატფორმაზე წარმოდგენილია ყველა ის რთული შემთხვევა, რომელსაც მათი დამსახურებით ბედნიერი დასასრული მოყვა.
ვებ-გვერდზე www.miceremadloba.ge , სადაც სიცოცხლის გადარჩენის ყოველდღიური ისტორიებია მოთხრობილი, სამედიცინო პერსონალისთვის მადლობის გადახდის საშუალებასაც იძლევა:
#მიწერემადლობა ონლაინ-რეჟიმში ან პირადი წერილის სახით.
ექიმების განსაკუთრებული ქეისების საინტერესო კუთხით წარმოჩენაზე განსაკუთრებული მადლობა ციფრული ინდუსტრიის აკადემიასა და მის სტუდენტებს, ასევე სამხატვრო აკადემიის სტუდენტებს.
შეგახსენებთ, რომ ევექსის ჰოსპიტალური ქსელი კოვიდ 19-ის წინააღმდეგ ბრძოლაში პანდემიის პირველი ტალღიდან ჩაერთო და ერთ-ერთმა პირველმა გამოთქვა მზადყოფნა, ინფიცირებულების სამკურნალოდ საწოლფონდი გამოეყო. ამჟამად კორპორაცია კოვიდ-ინფექციასთან ბრძოლას 13 ჰოსპიტალში 1 100-ზე მეტი საწოლითა და 5 500 გადამზადებული სამედიცინო/ადმინისტრაციული პერსონალით განაგრძობს.