ბავშვებმა, ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები. გამომიგზავნეთ მე. გადაწყვეტილი მაქვს, გამოვცეთ წიგნად. ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ განაცხადა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია II-მ ბარბარობის დღესასწაულთან დაკავშირებით სიონის საკათედრო ტაძარში იქადაგა.
"წმინდა ბარბარე არის მაგალითი მტკიცე სარწმუნოებისა, ერთგულებისა, ქრისტიანული ერთგულებისა. პრობლემები მუდამ ყოფილა და იქნება მშობლებსა და შვილებს შორის; და აი, დღეს ჩვენ შევთხოვთ უფალს, რომ გახსნას გული და გონება ჩვენი ახალგაზრდებისა, ჩვენი ხალხისა. ჩვენ დღეს ვფიქრობთ, რაც ხდება, ამდენი მსხვერპლი, ეს სასჯელია, თუ ლოცვა-კურთხევა ღვთისა. არაფერი ხდება ღვთის გარეშე, შევთხოვთ უფალს, რომ უფალმა ძალი ერსა თვისსა მოსცეს, უფალმა დალოცოს თვისი ერი. ითხოვდეთ და მოგეცეს თქვენ, ეძიებდით და პოვოთ. აი, დღეს ჩვენ ვითხოვთ მშვიდობასა, სიხარულსა, ქრისტიანული რწმენით გამტკიცებას, სიმშვიდესა, სიმშვიდეს გულში, გონებასა და სულში და დარწმუნებული ვართ, რომ ღმერთი შეისმენს ჩვენს ლოცვას.
გუშინ დაიწერა მოკლე ლოცვა, სადაც ვთხოვთ უფალს, რომ სიმშვიდე მოგვცეს, დაამშვიდოს ეს ცხოვრება. გარდა ამისა, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ჩვენმა ბავშვებმა, ჩვენმა ახალგაზრდებმა დაწერონ ლოცვები, თხოვნები, არ შეიძლება, რომ ღმერთმა არ შეისმინოს ჩვენი შვილების ლოცვები. რომ დასწერთ ამ ლოცვებს, თხოვნებს, წერილებს, როგორც საკუთარ მშობლებს, ისე უნდა მიმართოთ, მამასა, ძესა და სულსა წმინდასა და გამომოგზავნეთ მე. მე მაქვს გადაწყვეტილი, რომ როდესაც შეგროვდება საკმაოდ ბევრი, გამოვცეთ წიგნად. ღმერთმა დალოცოს ჩვენი ხალხი, მთელი მსოფლიო. ღმერთმა ისმინოს ჩვენი ლოცვა. ეს ლოცვა დარჩება ტაძრებში. სადაც არ უნდა იყოთ, ტაძარში, სახლში, თუ სამსახურში, ეს ლოცვა წაიკითხეთ და ღმერთი შეისმენს თქვენს ლოცვას", - განაცხადა ილია მეორემ