დღეს, საქართველოს ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანის რესპუბლიკის რელიგიურ ორგანიზაციებთან მუშაობის სახელმწიფო კომიტეტის თავმჯდომარე იდაიათ ორუჯევი ეწვევა.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატიდან აცნობეს, იდაიათ ორუჯევი თბილისში იულონ გაგოშიძის მოწვევით ჩამოვა.
პროგრამის ფარგლებში ის დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს იულონ გაგოშიძეს, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარეს, ნუგზარ წიკლაურს, თბილისის მერს, გიგი უგულავას, კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრს ნიკა რურუას, რეინტეგრაციის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრს, თემურ იაკობაშვილს, ქვემო ქართლის გუბერნატორს, დავით კირკიტაძესა და პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეს, საქართველო-აზერბაიჯანის მეგობრობის საპარლამენტო ჯგუფის ხელმძღვანელს, ფრიდონ თოდუას შეხვდება.
დღესვე დაგეგმილია მისი შეხვედრა სრულიად საქართველოს კათალიკოს პატრიარქ უწმინდესსა და უნეტარეს ილია მეორესთან.
იდაიათ ორუჯევი აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ სოფლებსაც ეწვევა და საქართველოში მათ მდგომარეობას გაეცნობა. საუბარი შეეხება აზერბაიჯანში მცხოვრებ ქართველთა მდგომარეობას.
აღნიშნულის გარდა, ვიზიტის ფარგლებში იდაიათ ორუჯევი გვირგვინებით შეამკობს ჰეიდარ ალიევის ძეგლსა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის დაღუპულთა მემორიალს.