გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები - თბილისის მერმა, კახა კალაძემ აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟის საკითხზე ისაუბრა
მისი თქმით, გარკვეული პირები ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ.
„ყველასთვის ცნობილია, თუ რა სასჯელს ითვალისწინებს დანაშაული, ადამიანმა 200-300 ლარი რომ მიითვისოს უკანონოდ. ამავე დროს სახელმწიფო მიწების მიტაცება არათუ დანაშაულად ითვლება, პირიქით, ეს ადამიანები პრეტენზიას უყენებენ სახელმწიფოს. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვიწევს ამ მშენებლობების დემონტაჟი, რადგან პროცესის შეჩერება სხვაგვარად შეუძლებელია“, - თქვა კალაძემ და აღნიშნა, რომ სახელმწიფოს კუთვნილი მიწების დატაცება, მოპარვა წახალისებული არ და ვერ იქნება, ყოველ შეთხვევაში მისი მერობის პირობებში.
„გვაქვს საფუძვლიანი ეჭვი რომ საქმე გვაქვს თაღლითურ სქემასთან, რომლის უკან დგანან გარკვეული პირები, რომლებიც ეკონომიკური სარგებელის მიღების მიზნით უბიძგებენ მოქალაქეებს კანონდარღვევისკენ. თბილისის მერია შესაბამის უწყებას მიაწვდის ყველა მასალას, რათა დაიწყოს საქმის მოკვლევა.
ამ ადამიანებმა ძალიან კარგად იციან, რომ ორივე ქმედება - მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობა არის კანონით დასჯადი, თუმცა, ისინი არ ითვალისწინებენ არცერთ გაფრთხილებას და აგრძელებენ ამ უკანონო ქმედებებს“, - თქვა კალაძემ.