სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ სადმე მსგავსი ქმედება ხორციელდება, აღიკვეთოს, - თბილისის მერმა, კახა კალაძემ ბრიფინგზე აფრიკის დასახლებაში უკანონო შენობების დემონტაჟის საკითხზე ისაუბრა.
მისი თქმით, ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები
„გვინდა გამოვეხმაუროთ პოლიტიკური პარტიების მიერ გაკეთებულ ცილისმწამებლურ, სამარცხვინო უფრო მეტიც, დანაშაულებრივ განცხადებებს, თითქოს მერიამ ხალხი გამოიყვანა დასრულებული სახლებიდან და ღია ცის ქვეშ დატოვა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებთ, რომ არც ერთი ნაგებობა, რომელიც დემონტაჟს დაექვემდებარა, არ იყო დასრულებული და მასში არ ცხოვრობდნენ ადამიანები. ეს შეგვიძლია ვნახოთ ფოტომასალაზე, შენობა-ნაგებობაზე თქვენ დაინახავთ თეთრ ფურცლებს, ეს არის ის წერილობითი მოთხოვნები დემონტაჟთან დაკავშირებით, რომელიც მუნიციპალურმა ინსპექციამ გაავრცელა“, - თქვა კალაძემ და აღნიშნა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მუნიციპალურმა ინსპექციამ რამდენჯერმე გააფრთხილა კანონდამრღვევები როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით, გაფრთხილებას რეაგირება არ მოჰყოლია, რომ მათ თავადვე განეხორციელებინათ დემონტაჟი. აღნიშნულიდან გამომდინარე, მუნიციპალურმა ინსპექციამ კანონის შესაბამისად დემონტაჟის პროცესი დაიწყო.
„სახელმწიფოს პრინციპული პოზიციაა, რომ მიწების დატაცება და უკანონო მშენებლობები არ იყოს დაშვებული და თუ სადმე მსგავსი ქმედება ხორციელდება, აღიკვეთოს“, - თქვა კალაძემ.