საქართველოს ბანკი ტექნოლოგიური ინოვაციებისაკენ სვლას განაგრძობს. ბანკის მხარდაჭერით, უკვე მესამე წელია აღმოსავლეთ ევროპასა და ცენტრალურ აზიაში ყველაზე პრესტიჟული ყოველწლიური მონაცემთა ფესტივალი, DataFest Tbilisi იმართება. წლევანდელი კონფერენცია ონლაინ სივრცეში მსოფლიოს მასშტაბით ასობით მონაცემთა პროფესიონალს აერთიანებს. პროექტის მიზანია, ხელი შეუწყოს მნიშვნელოვანი კავშირების დამყარებას და მხარი დაუჭიროს მონაცემთა ანალიტიკით დაინტერესებული ადამიანების სამომავლო განვითარებას.
DataFest Tbilisi 2020 დღეს დაიწყო და ის 17 დეკემბრის ჩათვლით გაგრძელდება. ღონისძიება უმასპინძლებს როგორც ინსპირაციულ გამოსვლებს და ვორქშოპებს ასევე, ჰაკათონებს მონაცემთა ბაზების ტექნოლოგიაში (მონაცემთა მეცნიერება, ხელოვნური ინტელექტი), ბიზნესში (ციფრული პროდუქტები, ფინტექი, ღრმა ანალიტიკა), კომუნიკაციებში (მონაცემთა ჟურნალისტიკა, ვიზუალიზაცია, დიზაინი).
ფესტივალს უძღვებიან მსოფლიო დონის სპიკერები, როგორებიც არიან: IBM-ის მონაცემების სტრატეგისტი - მარა პომეტი, Google-ის დიზაინის განყოფილების ხელმძღვანელი და სტარტაპ მენტორი - მანუელ ლიმა, Airbnb-ის მონაცემთა ვიზუალიზაციის დიზაინერი - კრისტ ვონგსაფასავატი, კოლუმბიის უნივერსიტეტის პროფესორი - დენის აჯირი, და სხვა.
„მოხარული ვართ მხარი დავუჭიროთ აღმოსავლეთ ევროპის და ცენტრალური აზიის ყველაზე პრესტიჟულ მონაცემთა ფესტივალს, DataFest Tbilisi 2020-ს. ფესტივალი აერთიანებს მონაცემებით დაინტერესებულ უამრავ პროფესიონალს და იძლევა შთაგონების გაზიარებისა და მნიშვნელოვანი კავშირების დამყარების შესაძლებლობას. გვჯერა, რომ პროექტი მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს სფეროთი დაინტერესებული ადამიანების სამომავლო პროფესიულ განვითარებას. საქართველოს ბანკი მუდამ მზადაა მხარი დაუჭიროს მსგავს ინიციატივებს, რათა ადამიანებმა შეძლონ საკუთარი პოტენციალის უკეთ ათვისება და ახალი შესაძლებლობების შექმნა“, - განაცხადა საქართველოს ბანკის ციფრული საბანკო მომსახურების დეპარტამენტის დირექტორმა, ლევან კობახიძემ.