საპარლამენტო უმრავლესობას ოპოზიციის "უწიგნურობა" პრობლემებს უქმნის. ამასთან დაკავშირებით განცხადება საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელმა ნუგზარ წიკლაურმა სესიაზე მას შემდეგ გააკეთა, რაც საპარლამეტნო ოპოზიციის წარმომადგენელმა ჯონდი ბაღათურიამ ხელისუფლება ბათუმში ძეგლების დადგმის გამო გააკრიტიკა.
ბაღათურია ხელისუფლებას იმის გამო საყვედურობს, რომ ძეგლებს არ უნდა დგამდეს მაშინ, როდესაც სოციალურად დაუცველ მოსახლეობას დედაენის საყიდელი ფულიც კი არ აქვს. გამოსვლისას ბაღათურიამ ახსენა სიტყვა ალიფაშაც, რომელიც ნუგზარ წიკლაურის კრიტიკის საგანი გახდა.
"ჯონდიმ მიიჩნია, რომ ძეგლი, რომელიც ბათუმში იდგმება, ალიფაშას ეკუთვნის და არა წიგნს "ალი და ნინო". მართლაც, დედაენასთან უნდა ჰქონდეს ადამიანს პრობლემები, რომ ბოლო დროს ყველაზე უფრო მნიშვნელოვანი ბესტსელერი არათუ წაკითხული, არამედ გაგონილიც არ ჰქონდეს", - განაცხადა წიკლაურმა. მან ილია ჭავჭავაძის სიტყვებიც გაიხსენა, რომ "უწიგნოდ თვალთახედვის ისარი მოკლეა" და ამიტომ ოპოზიციას ურჩია, როდესაც ვინმეს გაკრიტიკებას დაიწყებენ, "დირეები პირველ რიგში საკუთარ თვალში ეძებონ ხოლმე".