მაშინაც კი, როცა დიპლომატები ცდებიან ან ძალიან ცდებიან, ეს მათ წინააღმდეგ რაღაც კამპანიის წარმოებისთვის საფუძველს არ გვაძლევს, ცნობილი გამონათქვამი რომ გამოვიყენო, ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო, – ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ განაცხადა.
ბოკერიას თქმით, ნიკა გვარამია არის მსხვერპლი სამარცხვინო და ამაზრზენი რეპრესიების. მიუხედავად ამისა, ეს სერიოზული შეცდომაა
"მინდა, გამოვეხმაურო მედიის ნაწილში დაწყებულ კრიტიკას ზოგიერთ დიპლომატთან დაკავშირებით. კერძოდ, ნიკა გვარამიას მინდა, გამოვეხმაურო. ნიკა გვარამია არის დიდი ხანია სამიზნე ივანიშვილის რეჟიმის, მათ შორის სამარცხვინო ფორმებით. ეს კარგად გვესმის ყველას. მიუხედავად ამისა, ჩემთვის პირადად და ჩვენი პოლიტიკური გუნდისთვის, კატეგორიულად მიუღებელია ის რიტორიკა, რაც გვესმის არამარტო ნიკასგან, არამედ სხვებისგან დიპლომატებთან მიმართებაში. მიუღებელია როგორც პრინციპულად, ისე პრაგმატულად. ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სტრატეგიული მოკავშირეების წარმომადგენელი დიპლომატები არიან საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლები და მაშინაც კი, როცა ისინი ცდებიან ან ძალიან ცდებიან, ზოგიერთ დიპლომატს გამოსავლად შეიძლება მიაჩნდეს ჩვენი ქვეყნისთვის ოპოზიციის შესვლა პარლამენტში, ეს არანაირ საფუძველს არ გვაძლევს არც პრინციპულად, არც მორალურად, არც პრაგმატულად, რომ რაღაც კამპანია ვაწარმოოთ მათ წინააღმდეგ. ცნობილი, გაცვეთილი გამონათქვამი რომ გამოვიყენო – ნაბან წყალს ბავშვი არ უნდა გადააყოლო", - თქვა ბოკერიამ.