პარტია "მოქალაქეების" ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა "ღამის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ ოპოზიციური პარტიები პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას "ევროპული საქართველოს" ლიდერების გამო ვერ იღებენ.
"ჩვენ გვინდა, რომ მოლაპარაკების მაგიდიდან გამოვიდეთ შეთანხმებით, ისეთი შეთანხმებით, რომელზეც ვოცნებობდით 30 წელია, რომ არჩევნებს ვენდობოდეთ, პატიოსანი საარჩევნო ადმინისტრაცია გვქონდეს პატიოსანი საარჩევნო წესებით და ამაზე თითქმის შევთანხმდით. ან სააკაშვილი აფერხებთ, ან საკუთარი რადიკალიზმი. გიგა ბოკერია მათ ეუბნება, რომ სირცხვილია, ხალხნო, როგორ შეიძლება, როგორ აღიარებთ არჩევნების ლეგიტიმაციასო.
"ნაციონალურ მოძრაობას", როგორც ჩანს, უჭირს დარწმუნოს და აუხსნას თავის მხარდამჭერებს, რომ ვამბობდით არალეგიტიმურიაო, ახლა როგორ უნდა შევიდეთ პარლამენტშიო, სირცხვილია, რას იტყვიანო. ჩვენ რომ გავბედეთ, მე და ლევან იოსელიანმა, ხომ ხედავთ რა ორომტრიალში ვართ, ჯოჯოხეთს გვიწყობენ, რას არ გვეძახიან. მაგრამ ჩვენ გავბედეთ, რადგან ზუსტად ვიცით, რომ მოლაპარაკება გადასარჩენია, იქ ხელი უნდა მოვაწეროთ და ამ ხელმოწერის შემდეგ საქართველო გადადგამს ძალიან დიდ ნაბიჯს წინ, რადგან გვექნება სანდო საარჩევნო სისტემა. უნდა გაბედოს ყველამ და შევიდეთ პარლამენტში.
არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია ძალიან დასუსტდა, ISFED-ის განცხადება არის პირდაპირი დარტყმა ამ საკითხში ჩვენს პოზიციაზე,"-განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.