ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მოლაპარაკებების მეხუთე რაუნდის ჩაშლასა და ირაკლი კობახიძის განცხადებებს ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, მოლაპარაკებების გადადება ჩვეულებრივი ამბავია და სავარაუდოდ მალე გაირკვევა თუ როდის ჩატარდება მეხუთე რაუნდი.
ბოკერიამ აღნიშნა, რომ ირაკლი კობახიძის განცხადებები, რომ გააუქმებს ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი და განაცხადია ივანიშვილის რეჟიმის და მისი ბუნების, რომ დაამკვიდროს პუტინის რუსეთის სტანდარტი საქართველოში.
ბოკერიას თქმით, კობახიძის განცხადება, რომ რეფორმებს ქართული ოცნება ოპოზიციის გარეშეც გააკეთებს, არის დამცირება იმ ოპოზიციის ნაწილის, ვინც ილუზიაში იყო, რომ რაიმე არსებით ცვლილებას მიაღწევდა.
„ეს ჩვეულპებრივი ამბავია, როდის შედგება შემდეგი რაუნდი გაირკვევა ალბათ ცოტახანში, ასე, რომ არ არის არაფერი ამაში განსაკუთრებული. რათქმუნდა, ბატონი კობახიძის განცხადება, სადაც მისთვის ჩვეული უტიფრობით ივანიშვილის გზავნილი გადმოგვცა მთელ საზოგადოებას, არის ფაქტორი ზოგადად, რადგან ჩვენ ვიცოდით ბუნება ამ რეჟიმის დიდი ხანია, მაგრამ როცა პირდაპირ იუწყება, რომ ყველაზე მსხვილ ოპოზიციურ პარტიას მათივე მანიპულირებული ციფრებით, უპირებს რომ რეგისტრაციას გაუუქმოს აბსურდული საბაბით და პუტინის რუსეთის სტანდარტი დაამკვიდროს საქართველოში, ეს რათქმაუნდა მნიშვნელოვანი ფაქტორი და განაცხადია.
ამას გარდა, მას საერთოდ არ აინტერესებს რაიმე წარმატება ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში, „რისი გამკეთებლებიც ვართ უთქვენოდაც ვიზავთო“, ამით ძალიან დაამცირა, ჩემი აზრით ყველა ის ჩვენი შემცდარი პარტნიორი ოპოზიციაში, ვინც ილუზიებში იყო, რომ რაიმე არსებით ცვლილებას მიაღწევდა”, - განაცხადა ბოკერიამ.