ამერიკის შეერთებული შტატების 17 შტატის გენერალური პროკურორი შეუერთდა ტეხასის შტატის სარჩელს უზენაეს სასამართლოში, რომლითაც ითხოვენ არჩევნების შედეგების გაუქმებას ჯორჯიის, ვისკონსინის, მიჩიგანისა და პენსილვანიის შტატებში.
მოსარჩელეები უზენაეს სასამართლოს სთხოვენ, გადადოს საარჩევნო კოლეგიის შეხვედრა, სადაც ოფიციალურად უნდა დამტკიცდეს ჯო ბაიდენის გამარჯვება.
საარჩევნო კოლეგია 14 დეკემბერს უნდა შეიკრიბოს.
ტეხასის შტატის გენერალური პროკურორი აცხადებს, რომ აღნიშნული 4 შტატის ხელისუფლებამ კორონავირუსის პანდემია საბაბად გამოიყენა, რათა უკანონოდ შეეცვლათ კენჭისყრის პროცედურები.
ექსპერტები ვარაუდობენ, რომ უზენაესი სასამართლო აღნიშნულ სარჩელს საერთოდ არ მიიღებს განხილვაში, ვინაიდან არც ერთ შტატს არ აქვს უფლება ჩაერიოს სხვა შტატის საარჩევნო პროცესში. გარდა ამისა, ტეხასის გენერალური პროკურორის სარჩელში არ არის დამაჯერებელი არგუმენტები წარმოდგენილი საარჩევნო დარღვევების შესახებ.
შეგახსენებთ, 8 დეკემბერს შეერთებული შტატების უზენაესმა სასამართლომ ერთხმად უარყო რესპუბლიკელთა სარჩელი პენსილვანიის შტატში მილიონობით ხმების გაუქმების მოთხოვნით. ამიტომ ექსპერტები ვეღარ ხედავენ რეალურ გზებს, რომლებიც ტრამპს საშუალებას მისცემს იურიდიულად დაუპირისპირდეს არჩევნების შედეგებს.
დონალდ ტრამპი 3 ნოემბრიდან აცხადებს, რომ დემოკრატებმა „მოპარესარჩევნებში გამარჯვება“ მასიური გაყალბების გზით. ამასთან, დღემდე არც ტრამპს და არც მის ადვოკატებს არ წარმოუდგენიათ გაყალბების დამაჯერებელი მტკიცებულებები.
ტრამპის გუნდის მიერ შეტანილი ათობით სარჩელი უარყოფილ იქნა სხვადასხვა შტატის სასამართლოებში. გასულ კვირას აშშ-ის გენერალურმა პროკურორმა უილიამ ბარმა განაცხადა, რომ აშშ-ის იუსტიციის სამინისტრომ საპრეზიდენტო არჩევნებში ვერ აღმოაჩინა ისეთი მასშტაბის გაყალბება, რომელიც ჯო ბაიდენის გამარჯვებას ეჭვქვეშ დააყენებდა.
ტრამპის უარი არჩევნების შედეგების აღიარებაზე ძირს უთხრის ამერიკაში დამკვიდრებულ საუკუნოვან ტრადიციას, რომელიც ოფიციალურ ინაუგურაციამდე პრეზიდენტების ადმინისტრაციებს შორის ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს.
არჩევნების შედეგების მიხედვით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის ელექტორთა 306 ხმა აქვს ტრამპის 232 ხმის წინააღმდეგ. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საკმარისი.