ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, გიგა ბოკერია, ალეკო ელისაშვილის განცხადებებს ეხმაურება.
ბოკერიას თქმით, აშკარაა შთაბეჭდილება, რომ ელისაშვილი საბაბს ეძებს პარლამენტში შესასვლელად. ბოკერიამ აღნიშნა, რომ ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა პარლამენტში, ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს და პარლამენტი მაინც ერთპარტიული იქნება.
„აშკარა შთაბეჭდილებაა, სამწუხაროდ, რომ საბაბს ეძებს. ჩვენ არასდროს მისთვის არაფერი დაგვიბრალებია, ეს სიცრუა მრავალ სიცრუეთა შორის, რაც მან იკადრა ადრეც და ახლაც. არაფერი არ დაგვიბრალებია იმიტომ, რომ ჩვენთვის ამ ვითარებაში მიზანი ის კი არ იყო, რომ ვინმე მოქცეულიყო სამარცხვინოდ და იმისთვის ტალახი გვესროლა, ან იქამდე, ან მერე, არამედ სასურველი იყო, რომ ყოფილიყო ერთიანობა, ამიტომ საერთოდ არ დავსხმივართ თავს. ეძებს საბაბს, ოღონდ ძალიან სამარცხვინო ფორმით. სამწუხაროა, ყველა შემთხვევაში, იმიტომ რომ, ვინც არ უნდა ყოფილიყო, ელისაშვილის ჩათვლითაც კი, და ეს ძალიან დაბალი საზომია ჩემთვის, მაინც სასურველი იყო და ახლაც სასურველია, რომ ბოიკოტი შენარჩუნებულიყო, ამ სამარცხვინო საქციელის ფონზეც კი, მისგანაც კი სასურველია, რომ ბოიკოტი შენარჩუნდეს.
ამ საბაბით ელისაშვილისნაირი ფიგურის შესვლა პარლამენტში, ივანიშვილს პოლიტიკური იზოლაციისგან ვერ გადაარჩენს, ანუ მაინც ერთპარტიული იქნება ეს პარლამენტი ყველა შემთხვევაში
რეალურ რეფორმას, რაც გარდატეხის მომტანია, ივანიშვილი ამ წამს არ აპირებს არც ერთ საკითხში, ეს არ ცვლის ჩვენს დამოკიდებულებას მთავარ საკითხთან მიმართებით, რაც არის ვადამდელი არჩევნები ან მისკენ სვლა, ნორმალურად მისი ჩატარება და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. თუ ელისაშვილი საბოლოოდ ამ არჩევანს გააკეთებს, სამარცხვინო არჩევანი იქნება, მაგრამ ხაზს ვუსვამ, ეს ივანიშვილს არ უშველის იმ პოლიტიკურ პრობლემაში, რაც მას აქვს მისივე შექმნილი კრიზისის გამო,“-განაცხადა ბოკერიამ..