გიორგი ვაშაძე გეგმავს შექმნას "მესამე მძლავრი ცენტრი", რომელშიც "ნაციონალური მოძრაობის"ადგილს ვერ ხედავს. ამის შესახებ "სტრატეგია აღმაშენებელის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, აუცილებელია, ქართულ პოლიტიკაში იმ ძალების კონსოლიდაცია მოხდეს, რომლებიც არც "ქართულ ოცნებასა" და არც "ნაციონალურ მოძრაობას" არ მიეკუთვნებიან.
"ჩვენი ამოცანაა, რომ კონსოლიდაცია გავაკეთოთ მეორე ნახევარი მილიონი ხმის და უფრო მეტისაც 600 ათასამდე ხმის, რომელიც არის გაბნეული პატარ-პატარა ოპოზიციური პარტიებში. რომელიც არ ჩანს, როგორც ძალა, როგორც მძლავრი ძალა ისე უნდა გამოვაჩინოთ ეს. ეს არის ყველაზე მსხვილი ნაწილი იმ ადამიანების, რომლებიც ყველაზე თავისუფალ არჩევანს აკეთებს, მაგრამ მათ სჭირდებათ რაღაცა შემკრები, ეს ამოცანა გვიდგას, ღიად ვსაუბრობ, რომ ყველამ უნდა ვიფიქროთ, როგორ გავაკეთებთ ამის კონსოლიდაციას. მესამე მძლავრი ცენტრის გაკეთება, რომელიც გახდება პირველი ცენტრი, აქ "ნაციონალური მოძრაობის" ადგილს ვერ ვხედავ, მათ თავისი გზა აქვთ, თავის ამომრჩეველს ეკონტაქტებიან", - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.
მისი თქმით, მესამე მძლავრ ცენტრში იგულისხმებიან არა მარტო პოლიტიკური პარტიები არამედ ცალკეული აქტიური ადამიანებიც.
"მე არ ვსაუბრობ მხოლოდ პარტიებზე, ვსაუბრობ ცალკეულ აქტიურ ადამიანებზე. ეს პროცესი კარგად უნდა გავიაზროთ, ვფიქრობ რომ, ამისთვის დრო გვაქვს, ზოგადად ამაზე ძალიან სერიოზულად უნდა ვიმსჯელოთ. არადა, არ გვეძლევა საქმეზე ორიენტირებული მსჯელობა, იმიტომ რომ "ქართულ ოცნებასაც" თავისი კამპანია ერთადერთ რამეზე აქვს აგებული, რომ რა ცუდია "ნაციონალური მოძრაობა", სპეციალურად აკეთებს იმას, რომ გაფანტული იყოს მხარდაჭერა ოპოზიციურ პარტიებს შორის, რომ ამ მედიაგარემოში ისე ჩაიხარშოს სულ ყველა რომ განსხვავებულობა არ არსებობდეს. დიახ ეს განსხვავებული გზა უნდა ავირჩიოთ და მე ამისკენ მივდივარ და ამიტომ ჩამოვაყალიბე "სტრატეგია აღმაშენებელი", - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.