შეერთებული შტატების არჩეული პრეზიდენტი ჯო ბაიდენი თავდაცვის მდივნის თანამდებობაზე, არმიის გადამდგარი გენერლის, აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ყოფილი მეთაურის ლოიდ ოსტინის წარდგენას გეგმავს. ინფორმაციას წყაროზე დაყრდნობით CNN-ი ავრცელებს.
სენატის მიერ ლოიდ ოსტინის დამტკიცების შემთხვევაში, ის იქნება პირველი შავკანიანი, რომელიც შტატების თავდაცვის დეპარტამენტს უხელმძღვანელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ჯო ბაიდენი უკვე დაუკავშირდა ლოიდ ოსტინს და თავდაცვის მდივნობა შესთავაზა, რასაც ეს უკანასკნელი დათანხმდა.
მოელიან, რომ ჯო ბაიდენი ლოიდ ოსტინს ოფიციალურად სამშაბათს წარადგენს.
ლოიდ ოსტინი 2013-2016 წლებში აშშ-ის შეიარაღებული ძალების ცენტრალურ სარდლობას მეთაურობდა.