საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომელიც ფართო გაგებაზე იქნება დამყარებული, - განაცხადა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, კარლ ჰარცელმა ქართულ ოცნებასა და ოპოზიციურ პარტიებს შორის მოლაპარაკებების მესამე რაუნდის დაწყების წინ.
„ჩემთვის ძალიან ნათელია, რომ მოლაპარაკებების ბოლო კვირის მოახლოებასთან ერთად, პარლამენტის შეკრებამდე წინ რთული დისკუსია გველის. ამ საკითხში რეალისტები უნდა ვიყოთ. ფასილიტატორებმა წარმატებას მივაღწიეთ იმ გაგებით, რომ მოვახერხეთ სხვადასხვა მხარის ერთად შეკრება სალაპარაკოდ. ბევრი კარგი იდეა დაიდო მოლაპარაკებათა მაგიდაზე. ჩვენ წინ გარკვეული მენიუა. ამავდროულად კი ახლა სიმართლის დრო დადგა. დიალოგის ყველა მონაწილემ ახლა მართლაც მონდომებით და ბევრი უნდა იფიქრონ, თუ როგორ სურთ ამ დისკუსიის დასრულება. ეს ის პროცესია, რის დახმარებასაც ვაგრძელებთ.
საუკეთესო გამოსავალი იქნება ის, რომელიც ფართო გაგებაზე იქნება დამყარებული. ამ სიტუაციაში ეს ერთადერთ სწორ გამოსავლად მიმაჩნია, თუმცა, ამ იდეის სხვადასხვა ელემენტზე სპეკულირებას ვერ დავიწყებ, რადგან მე ფასილიტატორი ვარ და არა მოსამართლე. გადაწყვეტილება ჩემი მისაღები არ არის. ყველა მოლაპარაკებაში უმნიშვნელოვანესია, რომ ყველა მხარემ ჩადოს მაქსიმალური ძალისხმევა, რომ იფიქრონ, როგორ გახადონ თავიანთი პოზიცია საუკეთესოდ შეთანხმების მისაღწევად და აგრეთვე რომ დაეხმაროს მეორე მხარეს ამ მიმართულებით.
ჯერ არაფერია ცნობილი, თუმცა, ვპროგნოზირებ ძალიან რთულ გადაწყვეტილებებს ყველა მხრიდან. ვიმედოვნებ, რომ შევძლებ ფართო გაგებაზე დამყარებული გადაწყვეტილების პოვნას, თუმცა, არ ვარ იმ პოზიციაში, რომ ამაზე თავდაჯერებით ვისაუბრო. ვიმედოვნებ და დარწმუნებულიც ვარ, რომ ყველა მონდომებით იმუშავებს, რათა დავრწმუნდე, რომ კარგი შედეგით დასრულდეს მოლაპარაკებები, თუ ეს შესაძლებელია“, - თქვა კარლ ჰარცელმა.