საქართველოს ვიცე პრემიერ-მინისტრის გიორგი ბარამიძის ბრიუსელში ვიზიტი გრძელდება.
როგორც "ჯი-ეიჩ-ენს" ვიცე-პრემიერის აპარატიდან აცნობეს, ბარამიძემ მონაწილეობა უკვე მიიღო ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის 55-ე სესიის მუშაობაში.
ამასთან, ის სიტყვით გამოვიდა ასამბლეის უსაფრთხოების სამოქალაქო განზომილების კომიტეტზე (Committee of Civil Dimension of Security) და ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ოკუპირებულ ტერიტორიაზე მიმდინარე ეთნიკური წმენდისა და ადამიანის უფლებების უხეში დარღვევის ფაქტებზე, აგრეთვე, საქართველოს NATO-ში ინტეგრაციის პროცესისა და ამ მიზნით ქვეყანაში მიმდინარე რეფორმების შესახებ ისაუბრა.
ვიცე პრემიერ-მინისტრმა მიმართვაში NATO-ს პარლამენტის წევრებს მოუწოდა, ხმა აიმაღლონ ოკუპანტების მიერ ჩვენი მოქალაქეების, მათ შორის ბავშვების, გატაცების ფაქტებზე და გადადგან აქტიური ნაბიჯები, რათა მათმა მთავრობებმა დატყვევებულთა გასათავისუფლებლად და მთლიანობაში რუსეთის აგრესიის აღსაკვეთად ქმედითი ღონისძიებები განახორციელონ, ასევე მხარი დაუჭირონ საქართველოს NATO-ში გაწევრიანების პროცესის დაჩქარებას.
გარდა ამისა, ვიზიტის ფარგლებში გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტ ჯონ ტანერთან, გენერალურ მდივან დევიდ ჰობსთან, დიდი ბრიტანეთის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელ და საქართველო-ნატოს საპარლამენტო საბჭოს თანათავმჯდომარე ბრიუს ჯორჯთან, გერმანიის პარლამენტის დელეგაციის ხელმძღვანელ კარლ ლამერსთან, აშშ-ს სენატორ ჯო ან ემერსონთან, აგრეთვე საფრანგეთის, პოლონეთის, ლიტვისა და უკრაინის პარლამენტის წევრებთან.
შეხვედრებზე ყურადღება გამახვილდა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიის მილიტარიზაციაზე, ოკუპანტების მხრიდან ადამიანის უფლებების დარღვევებსა და მუდმივ პროვოკაციებზე. აგრეთვე, ხაზი გაესვა რუსეთის აგრესიული ქმედებების შეჩერების, საქართველოს დეოკუპაციისა და ნატოში ინტეგრაციის პროცესებში ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის მხრიდან აქტიური მხარდაჭერის მნიშვნელობაზე.
სესიის მუშაობაში NTTO-ს წევრი 28 ქვეყნისა და პარტნიორი ქვეყნების პარლამენტარები, ასევე მთავრობების წარმომადგენლები და გავლენიანი პოლიტიკოსები, მათ შორის, NATO-ს გენერალური მდივანი ანდერს ფოგ რასმუსენი და დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ მილიბენდი მონაწილეობენ. NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სესიაზე ალიანსის წინაშე არსებული საფრთხეები, გამოწვევები და NATO-ს ახალი სტრატეგიული კონცეფციის შემუშავების საკითხები განიხილება.