პარტია სამართლიანობისთვის ლიდერი, ეკა ბესელია ამბობს, რომ ოპოზიციის მხრიდან ნებისმიერი კომპრომისი მიუღებელი იქნება.
ლეიბორისტული პარტიის ოფისში ოპოზიციური პარტიების მორიგი შეხვედრის დაწყებამდე ბესელიამ მედიას უთხრა, რომ სწორედ ეს იქნება მისი მთავარი სათქმელი დღევანდელ შეხვედრაზე.
"ძალიან მნიშვნელოვანი პოლიტიკური პროცესია. ვინც არის ამ პროცესის მონაწილე, ყველას უნდა ესმოდეს, რომ რამე ტიპის მორალური კომპრომისი ოპოზიციის მხრიდან, იმ ადამიანების მხრიდან, ვისაც პარლამენტში შესვლის თაობაზე გადაწყვეტილება აქვს მიღებული, მიუღებელია. უკან დახევის უფლება უბრალოდ არ აქვს. ამის გაცნობიერება მნიშვნელოვანია. ეს ნერვების ომია, ეს იოლი არ არის. გამომიცდია, როცა 2008 წელს მანდატზე უარი ვთქვი. ვიცი, რომ ეს რთულია, მაგრამ როცა გადაწყვეტილებას იღებ, საჯარო ინტერესი პირად ინტერესზე მაღლა უნდა იდგეს. მე არ მინდა, რომ რომელიმე მათგანში ეს სისუსტე დავინახო", - თქვა ეკა ბესელიამ.
მისივე თქმით, "ხელისუფლება აუცილებლად დახევს უკან, როგორც კი ვერ დაინახავს იმ სუსტ ადგილებს, რომლებსაც ახლა ეძებს ოპოზიციაში".