ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი, სერგი კაპანაძე, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებას ეხმაურება.
კაპანაძის თქმით, ნატოს გენერალური მდივნის განცხადებაში ჩანს როგორც მხარდაჭერა საქართველოს მიმართ, ასევე ჩანს ის პრობლემები, რომლებიც საქართველოს აქვს დემოკრატიის კუთხით.
კაპანაძემ აღნიშნა, რომ ქვეყანა ბოლო წლების განმავლობაში ერთ ადგილზე არის და ეს უნდა შეიცვალოს, თუ ქვეყანას სურს, რომ ნატო გახდეს რეალობა.
„ნატოს გენერალური მდივნები უკვე ბევრი წელია აკეთებენ მსგავს მხარდასაჭერ განცხადებებს და ეს არის ძალიან კარგი, ანუ ეროზია გენერალური მდივნების დონეზე, ნატოს დონეზე, საქართველოს მხარდაჭერის, არ მომხდარა.
თუმცა, ჩვენ გვაქვს სხვა პრობლემა, საქართველო ამ ბოლო წლების განმავლობაში არ არის იმ ფორმაში, რომ სკეპტიკურად განწყობილმა სახელმწიფოებმა ჩათვალონ, რომ საქართველოს გაწევრიანებისათვის მათ რაიმე დამატებითი ძალისხმევა უნდა გაიღონ.
აქ იგულისხმება როგორც რეფორმების მხრივ რეგრესი, რაც იკითხებოდა გენერალური მდივნის განცხადებაში, ასევე იგულისხმება, ზოგადად, დემოკრატიის კუთხით არსებული პრობლემები.
აქედან გამომდინარე, ჩვენ ვართ ერთ ადგილზე ბოლო წლების განმავლობაში და ეს არის ის, რაც უნდა შეიცვალოს, თუ ჩვენ გვინდა, რომ ნატო რეალობა გახდეს მომავალში.“ - განაცხადა კაპანაძემ.