არიზონისა და ვისკონსკინის შტატების ხელისუფლებებმა საპრეზიდენტო არჩევნებში ჯო ბაიდენის გამარჯვება ოფიციალურად დაამოწმეს.
ვისკონსინის შტატში დემოკრატმა ჯო ბაიდენმა დაახლოებით 20 ათასი ხმით დაჯაბნა რესპუბლიკელი ტრამპი. არიზონაში, სადაც ტრამპი თავის მეტოქეს 10 500 ხმით ჩამორჩა, დემოკრატმა კანდიდატმა 1996 წლის შემდეგ პირველად გაიმარჯვა.
მანამდე ტრამპის გუნდმა, რომელიც ჯერ კიდევ არ ცნობს ბაიდენის აღიარებას, რამდენიმე შტატში ხმების გადათვლა მოითხოვა. ვისკონსინის შტატის საარჩევნო კომისიის განცხადებით, შტატში ხმის გადათვლის პროცედურის ღირებულება 7.9 მლნ დოლარია, რომელიც ადგილობრივი კანონის თანახმად, ტრამპის გუნდმა უნდა დაფაროს.
გასული კვირის ხუთშაბათს, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ თეთრ სახლს დატოვებდა, თუ საარჩევნო კოლეგია ჯო ბაიდენს დაამტკიცებდა გამარჯვებულად.
მეორე დღეს კი ტრამპმა კვლავ განაგრძო არჩევნების გაყალბების შესახებ დაუსაბუთებელი ბრალდებების გაჟღერება და განაცხადა, რომ "ბაიდენი მხოლოდ იმ შემთხვევაში შეძლებს თეთრ სახლში შესვლას, თუ დაამტკიცებს, რომ 80 მლნ ხმა თაღლითურად არ მოუპოვებია".
დონალდ ტრამპი არჩევნებზე "ფართომასშტაბიან გაყალბებაზე" საუბრობს ისე, რომ ამ დრომდე ამის არავითარი მტკიცებულება არ წარმოუდგენია.
ტრამპის უარი არჩევნების შედეგების აღიარებაზე ძირს უთხრის ამერიკაში დამკვიდრებულ საუკუნოვან ტრადიციას, რომელიც ოფიციალურ ინაუგურაციამდე პრეზიდენტების ადმინისტრაციებს შორის ძალაუფლების მშვიდობიან გადაბარებას უზრუნველყოფს.
ამ დროისთვის, არჩევნების შედეგების მიხედვით, ჯო ბაიდენს საარჩევნო კოლეგიის ელექტორთა 306 ხმა აქვს ტრამპის 232 ხმის წინააღმდეგ. გამარჯვებისთვის 270 ხმაა საკმარისი.