საქართველოს ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე წუხს, რომ ეკონომიკური საქმიანობის აღდგენის მოთხოვნით აქციები კვლავ იმართება.
ეკატერინე ტიკარაძე ეხმიანება, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში გამართულ აქციებს, სადაც ეკონომიკური საქმიანობის შეზღუდვას აპროტესტებენ და აცხადებს, რომ მთავრობის ნომერ პირველი ამოცანა ადამიანების სიცოცხლის დაცვაა.
"გამომდინარე იქიდან, რომ დღეს მსოფლიოს მასშტაბით მძვინვარებს პანდემია, ის არის ნომერ პირველი ამოცანა, რომ ჩვენ დავიცვათ ადამიანების სიცოცხლე. მიუხედავად იმისა, რომ ძალიან ვწუხვარ, რომ ეს აქციები კვლავ იმართება, ჩვენ ვერ შევძელით საკმარისი კომუნიკაცია და ახსნა იმის, თუ რამდენად მნიშვნელოვანია შეჩერებული იყოს ყველა იმ ობიექტზე ეკონომიკური საქმიანობა, რომელთან დაკავშირებითაც მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება.
დღეს კრიტიკულად მნიშვნელოვანია ჩვენ დავიცვათ ყველა ის ზომა არა მხოლოდ სოციალური დისტანცია, არამედ ყველა ის შეზღუდვა, რომელიც გამოქვეყნებულია და დადგინდა 28 ნოემბრიდან," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.