"შობა მარტო 6 იანვარი არ არის და იქნებ რელიგიების სააგენტოს გაკეთებული კალენდარი ამაში მაინც გამოიყენოთ და ნახოთ რა საზოგადოებას ემსახურებით..." – ასე ეხმიანება ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესიის ეპისკოპოსი, რუსუდან გოცირიძე უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას შეზღუდვების შესახებ, რომლის მიხედვითაც საშობაოდ მართლმადიდებლებისთვის შეზღუდვები მოხსნეს, სხვა ქრისტიანებისთვის – არა.
საშობაოდ, 7 იანვრისთვის, მართლმადიდებლებს შესაძლებლობა მიეცემათ, ღამისთევის ლიტურგია აღასრულონ, ამისთვის მთავრობა კორონავირუსის პრევენციისთვის დაწესებულ შეზღუდვებს ხსნის, კერძოდ კი კომენდანტის საათს, მაგრამ სხვა ქრისტიანები - კათოლიკეები და პროტესტანტები 25 დეკემბერს, ისევე, როგორც სომეხთა სამოციქულო ეკლესიის მრევლი 6 იანვარს ვერ შეძლებს ღამისთევის წესის აღსრულებას.