ევროპული საქართველოს ლიდერი, გიგა ბოკერია მთავრობის მიერ გამოცხადებულ ახალ შეზღუდვებს "გაუაზრებელ" და "უპასუხისმგებლო" ნაბიჯს უწოდებს. მისი შეფასებით, მთავრობამ არაფერი გააკეთა იმისათვის, რომ პანდემიის მეორე ტალღისთვის მომზადებული ჯანდაცვის სისტემა დაეხვედრებინა.
"მორიგი გაუაზრებელი და უპასუხისმგებლო ნაბიჯი, ყოველგვარი არსებითი წნეხის შემსუბუქების გარეშე ჩვენი მოქალაქეებისთვის და ბიზნესისთვის, დამატებითი დარტყმა, რის ფასსაც კიდევ მომავალში გადავიხდით. ამ ხალხმა, ერთხელ, ასეთი და კიდევ უფრო მკაცრი ჩაკეტვის დროს არაფერი არ გააკეთა, რათა ქვეყანა მოემზადებინა ამ ტალღისთვის და ამის ფასს იხდის მთელი ქვეყანა, ადამიანების სიცოცხლის ფასად, ეკონომიკის ფასად.
ეს პროცესი გრძელდება მანამ, სანამ ამ პოლიტიკური ლიდერების, არარაობებისა და კლოუნების გარემოცვა მართავს ქვეყანას. სამწუხაროდ, ეს ზარალი გაგრძელდება", - ამბობს ბოკერია და ამატებს, რომ მისი გუნდის ხედვით, პირველ რიგში, სამედიცინო სფერო უნდა მომზადებულიყო, რათა ინფიცირებულთა გაზრდილი რაოდენობისთვის გაეძლო.
საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 28 ნოემბრიდან 24 დეკემბრამდე დიდ ქალაქებში: თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, რუსთავში, გორში, ფოთში, ზუგდიდში, თელავში, ასევე სათხილამურო კურორტებზე: ბაკურიანში, გუდაურში, გოდერძსა და მესტიაში სურსათის მაღაზიების, სილამაზისა და სპა სალონების გარდა, დაიკეტება ყველა სხვა სავაჭრო ობიექტი.
მთავრობის ადმინისტრაციის განმარტებით, ყველა დაწესებული შეზღუდვა 24 დეკემბრიდან 2 იანვრამდე შემსუბუქდება.