მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ ზურაბ ნოღაიდელის პრემიერ-მინისტრობის პერიოდში ერთიანი ეროვნული გამოცდების სისტემის დანერგვა უდიდესი წინგადადგმული ნაბიჯი იყო განათლების რეფორმირების საქმეში.
მოძრაობის წარმომადგენელთა განცხადებით, დღეს ეს რეფორა სტაგნაციის სტადიაშია შესული და უამრავი ნაკლოვანებით ხასიათდება.
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე მოძრაობის წევრმა ოთარ გელაშვილმა განაცხადა, აბიტურიენტებისა და მათი მშობლების განსაკუთრებით დიდ უკმაყოფილებას იწვევს ის, რომ საგამოცდო ტესტები არ ემთხვევა ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებს.
"ამიტომ, საჭირო ხდება რეპეტიტორებთან მოსწავლის მომზადება, რაც საკმაოდ სოლიდურ თანხებთან არის დაკავშირებული. ამას დაემატა მეოთხე სავალდებულო გამოცდა, რაც მშობლებს კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აყენებს. გარდა ამისა, საგამოცდო ტესტებისა და ეროვნული სასწავლო გეგმის ერთმანეთთან შეუსაბამობის გამო, აბიტურიენტებს ეკარგებათ სკოლაში სიარულის მოტივაცია", _ აცხადებს ოთარ გელაშვილი.
მოძრაობა "სამართლიანი საქართველოსთვის" მიიჩნევს, რომ განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სასწრაფოდ უნდა მიიღოს ზომები აღნიშნული ხარვეზების აღმოსაფხვრელად.