უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის ბოლომდე, თბილისში, აჭარაში და კიდევ 9 ქალაქის სკოლებში სწავლა დისტანციურად გაგრძელდება.
ეს ქალაქებია: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, ზუგდიდი, თელავი, ზესტაფონი, გორი, გარდაბანი, ფოთი, მარნეული. ასევე, სწავლა დისტანციურ რეჟიმში წარიმართება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედ სკოლებში.
"ქვეყანაში არსებული ეპიდსიტუაციისა და დიდ ქალაქებში მობილობის შემცირების მიზნით უწყებათაშორისმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს შემდეგ ქალაქებში: თბილისში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდში, თელავში, ზესტაფონში, გორში, გარდაბანში, ფოთსა და მარნეულში სასწავლო პროცესი 2020-2021 სასწავლო წლის პირველი სემესტრის დასრულებამდე ყველა კლასის მოსწავლეებისათვის, როგორც საჯარო, ასევე, კერძო სკოლებში, დისტანციურ რეჟიმში წარიმართება.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები სასწავლო პროცესს აგრძელებენ დისტანციურ რეჟიმში",- ნათქვამია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.