ყველა, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა, - განაცხადა რესპუბლიკური პარტიის წევრმა, ლევან ბერძენიშვილმა მთავარი არხის ეთერში, გადაცემაში "მთავარი აქცენტები".
მისი თქმით, გაჩნდა რწმენა, რომ ამ ოპოზიციის დანგრევა და ყიდვა თითქმის შეუძლებელია. „ასე რომ ღირსების საკითხი ჩვენ გადავწყვიტეთ“.
"რაც შეეხება იმას, თუ როგორ წავა ვითარება, არ ვარ დარწმუნებული, რომ სწრაფად გადაწყდება ყველაფერი. ამავე დროს, არ მგონია, რომ ჩვენ მოგვიხერხდება პარლამენტის ჩაშლა. ვფიქრობ, პარლამენტი შედგება და სამარცხვინო 90 კაცი, მათი მხარდამჭერები, ქართველი ხალხის სირცხვილია. ყველა, ვინც მხარი დაუჭირა ქართულ ოცნებას, ახლა არის სამარცხვინო ნაწილი ჩვენი ნაციის, ავადმყოფი ნაწილი ჩვენი ნაციისა. იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა რაც ჩაიდინა და რასაც ბოდავს ახლა მისი მთავარი ექსპერტი და პიარსპეციალისტი, ირაკლი კობახიძე, ვისაც ეს მოსწონს, ეს ხალხი ჯანსაღი არ არის. ამიტომ აქ მარტო ხელისუფლებაზე არაა ლაპარაკი, ლაპარაკია ჩვენს თანამოქალაქეებზე, რომლებიც თავს იავადმყოფებენ... მე არ ვიცი, ამას რა ეშველება, მაგრამ ნელ-ნელა, ალბათ, ყველა მოვა გონზე", - თქვა ბერძენიშვილმა.