ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის სპეციალურმა წარმომადგენელმა Covid-19-ის საკითხებში დევიდ ნაბარომ განაცხადა, რომ ვაქცინის დანერგვამდე, ევროპა დიდი ალბათობით კორონავირუსის მესამე ტალღის წინაშე აღმოჩნდება.
"მათ ხელიდან გაუშვეს შანსი, ზაფხულის პერიოდში, მას შემდეგ, რაც შეძლეს პირველი ტალღის გაკონტროლება, ვირუსის შესაკავებლად საჭირო ინფრასტრუქტურა შეექმნათ. ახლა ჩვენ გვაქვს მეორე ტალღა. თუ ისინი არ შექმნიან საჭირო ინფრასტრუქტურას, მომავალი წლის დასაწყისში მესამე ტალღა გვექნება", - თქვა ნაბარომ.
მან ასევე აღნიშნა, რომ ევროპამ აზიის ქვეყნებისგან მაგალითის აღება უნდა შეძლოს.
ევროპის ქვეყნებში ინფიცირების შემთხვევების დრამატული ზრდის პარალელურად, სამხრეთ აზიის ქვეყნებში, მაგალითად იაპონიასა და სამხრეთ კორეაში ინფიცირების შემთხვევები მცირეა.
მაგალითისთვის, იაპონიაში, სადაც მოსახლეობა 120 მლნ-ზე მეტია, გუშინ მხოლოდ 2 596 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 51-მილიონიან სამხრეთ კორეაში კი 386 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.