კარლ ჰარცელმა თქვა, რომ ისინი არიან ფასილიტატორები, ანუ დამხმარეები კრიზისიდან გამოსასვლელად და არა ისინი, ვინც ვინმეს რამეს უბრძანებს,- თქვა "ერთიანი საქართველოს" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ,რომელმაც ევროკავშირის ელჩის რეზიდენცია ცოტა ხსნი წინ დატოვა.
ბურჯანაძის განცხადებით, მან დიპლომატებს აუხსნა, რომ პრაქტიკულად პოლიტიკური სპექტრისათვის შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, იმ პარლამენტში შესვლაზე, რომელიც არალეგიტიმურია.
„მე ავუხსენი ჩვენს მეგობრებს, რომ პრაქტიკულად პოლიტიკური სპექტრისათვის შეუძლებელია გადაწყვეტილების მიღება, რომ შევიდნენ პარლამენტში, რომელიც არალეგიტიმურია. მე მათ ავუხსენი, რომ, თუ ახლა ბიძინა ივანიშვილი ამ პროცესს მარტივად გადაიტანს და აიძულებს ყველას, რომ მისი თამაშის წესები მივიღოთ, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოში არჩევნები აზრს დაკარგავს. კომპრომისი შესაძლოა იყოს ხელახალი არჩევნები და ამის ფონზე აქციების შეწყვეტა. რა თქმა უნდა, ხელახალი არჩევნების გარანტორები, იგივე ჩვენი ფასილიტატორები იქნებიან.
რასაც ელჩები ახლა აკეთებენ, ეს მათი პირდაპირი საქმე არ არის. არცერთ ნორმალურ ქვეყანაში ეს მათ ფუნქციაში არ შედის, მაგრამ იძულებულები არიან ამაზე წამოვიდნენ, რომ ჩვენთან პოლიტიკური კრიზისი განმუხტონ. მაგრამ, მეორე მხრივ, ერთმნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკურმა სპექტრმა გაითავისა, რომ ახლა ნებისმიერი შეცდომა პოლიტიკური ლიდერების მხრიდან, ნიშნავს მოსახლეობის მხარდაჭერის აბსოლუტურ დაკარგვას“, - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.