საქართველოში შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის მაიკ პომპეოს ვიზიტი უკვე დასრულდა.
ვიზიტის დასაწყისში მაიკ პომპეო საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს შეხვდა.
პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ოფიციალური ტურნეს ფარგლებში აშშ-ს სახელმწიფო მდივნის ჩვენს ქვეყანაში ჩამოსვლა კიდევ ერთხელ ადასტურებს საქართველოს, კავკასიისა და შავი ზღვის მნიშვნელობას ამერიკისათვის.
"ეს იყო შეხვედრა, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, თუ რამდენად ახლოს ვართ ამერიკა და საქართველო, რამდენად მყარი არის ამერიკის მხარდაჭერა საქართველოსთვის, ამ რეგიონისთვის, მით უმეტეს დღეს, როცა ამ რეგიონში ცვლილებები მიმდინარეობს. ამერიკის დღევანდელი გადაწყვეტილება, რომ ჩამოსულიყო სახელმწიფო მდივანი საქართველოში, ჯერ საფრანგეთში და ისრაელამდე, მისი მთავარი პარტნიორი და მოკავშირე, ანუ ამ რიგში, რომ ჩასვა საქართველო, ეს იმის ნიშანია, რომ ამერიკა ჩვენს გვერდით დგას. მე ამისთვის მადლობა გადავუხადე.
ძალიან მნიშვნელოვანია, ასევე კოვიდის კრიზისის ფონზე ამერიკამ კიდევ ერთხელ განაახლა მისი მხარდაჭერა ეკონომიურად და სამომავლოდ, იმისთვის, რომ ჩვენ შევძლოთ და მივიღოთ ის ვაქცინები, რომელიც დაგვჭირდება, როგორც კი გამოვა და ამის საშუალება მოგვეცემა.
ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ სტრატეგიულად, ამერიკა ამ რეგიონში არის ჩვენი მხარდამჭერი და იცის რომ საჭიროა, უფრო აქტიურად იყოს ჩართული ამ რეგიონში. მისი განცხადებები, რაც მოვისმინეთ დღეს ყარაბაღის შესახებ და ჰუმანიტარული დახმარება არის ნიშანი იმისი, რომ ამ სამშვიდობო პროცესში იქნება ჩართული ამერიკა და ეს გაიმეორა სახელმწიფო მდივანმა და ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი და ყველაზე მტკივნეული საკითხი, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიები, ამის მიმართ კიდევ ერთხელ გაამყარა ამერიკამ თავისი პოზიცია, თავისი მხარდაჭერა ჩვენი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი და მზადყოფნა იმისთვის, რომ აქაც სამშვიდობო პროცესი, მოლაპარაკებები იყოს განახლებული და გაძლიერებული, რაც ჩვენთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი.
ეს ყველაფერი ნიშნავს, რომ იქნება მეტი ამერიკა საქართველოში, რეგიონში და საქართველო რჩება ამერიკის პოლიტიკის ერთ-ერთი მთავარი და მყარი საყრდენი ამ რეგიონში," - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.