უკანასკნელი დღეების მანძილზე, “ნაციონალური მოძრაობის” და რადიკალური ოპოზიციური ძალების მხრიდან, არაერთი განცხადება ვიხილეთ, რომლითაც საკუთარ მომხრეებს მოუწოდებენ და აქეზებენ პოლიციელებზე, საჯარო მოხელეებზე და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლისკენ, განაცხადა "ქართული ოცნება - დემოკრატიულის საქართველოს“ საარჩევნო სიის წევრმა ბექა დავითულიანმა.
მისი განმარტებითვე, მათი გუშინდელი მოწოდება, უკვე ყოველგვარ ჩარჩოებს სცდება.
"გუშინ, „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მათ მიერ ბათუმში გამართულ მიტინგზე გაასაჯაროვა მათი პარტიის გეგმა და განაცხადა, რომ არჩევნების დღეს, მოქალაქეებს სირცხვილის კორიდორს მოუწყობენ, რითაც შეეცდებიან მოახდინონ საარჩევნო პროცესის ბლოკირება და ხელის შეშლა.
დემოკრატიულ სახელმწიფოში, ხელისუფლების წყარო ხალხია, „ნაციონალური მოძრაობა“ კი დაანონსებული კამპანიით, ცდილობს აუკრძალოს მოქალაქეს დააფიქსიროს საკუთარი პოლიტიკური არჩევანი, გახდნენ ხელისუფლების წყარო.
ხალხისთვის კონსტიტუციური უფლების ჩამორთმევა და მათი არჩევანის ძალადობრივი გზით მიტაცება, მათი ხელწერაა. ისინი ამას აკეთებდნენ ხელისუფლებაში ყოფნისას, ისინი იგივეს ცდილობენ ოპოზიციის რიგებიდან.
ეს არის დემოკრატიასთან ყოვლად შეუთავსებელი, ავტორიტარული ქმედება, საგანგაშო მოვლენა და საჭიროებს ძალიან მკაცრ და მკაფიო შეფასებას.
მოვუწოდებთ ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს, დიპლომატიურ კორპუსს, არასამთავრობო და სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, ასევე იმ პოლიტიკურ სუბიექტებს, რომლებსაც სააკაშვილის ამ ანტიდემოკრატიულ კამპანიაში მონაწილეობის მიღება არ სურთ, მკაფიოდ გამოხატონ საკუთარი პოზიცია და შეაფასონ „ნაციონალური მოძრაობის“ მორიგი ანტიდემოკრატიული მოწოდება", განაცხადა დავითულიანმა.