შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდიც, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე, - განაცხადა "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკების მეორე რაუნდის დასრულების შემდეგ.
"დღევანდელ შეხვედრაზე ყველა მხარე შეთანხმდა, რომ, ფაქტობრივად, ცესკომ საკუთარი გუშინდელი გადაწყვეტილებით დახურა ყოველგვარი საუბარიც კი გადათვლაზე, სხვადასხვა მექანიზმებზე, რაზეც იყო საუბარი "ქართული ოცნების" მხრიდან და ეს საკითხი დაიხურა. მეორე - ჩვენ შევჯერდით, რომ აუცილებლად იქნება შეხვედრის შემდეგი რაუნდიც, სადაც კონკრეტულად ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე. ოპოზიციას ის მოლოდინი გვაქვს, რომ ვისაუბრებთ არჩევნების თარიღზე, რადგან ვთქვით, რომ ამის გარეშე სხვა საკითხების განხილვას აზრი არ აქვს.
ჩვენ ვამბობთ, რომ ეს არის ერთადერთი საკითხი, რომელიც გადამწყვეტია ჩვენი პოზიციის საბოლოო ფორმირებისთვის. ეს კარგად დაფიქსირდა დღევანდელ შეხვედრაზე და გამოირიცხა ის საკითხები, რომ რაიმე ტიპის გადათვლა ან სხვა გზა არსებობს, რადგან ცესკომ გუშინ დაასრულა გადათვლასთან დაკავშირებით ყოველგვარი ლაპარაკი, რადგან ჩვენი არცერთი სარჩელი არ გაითვალისწინეს და დროზე ადრე შეაჯამეს ოქმები.
თუ წინა გამოცდილებას დავაკვირდებით, თავიდან ძალიან მკაცრი პოზიციებია ხოლმე და შემდგომ არის ხოლმე გარკვეული პროგრესი. იმედს ვიტოვებ, რომ შემდეგი შეხვედრისთვის მეტი კონკრეტიკით, ახალ საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებით ვისაუბრებთ. ერთადერთი საკითხი, რაც დარჩა განსახილველი არის შემდგომი არჩევნების საკითხი”,- განაცხადა გიორგი ვაშაძემ.