„მოლაპარაკებები გრძელდება", განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში „ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის წარმომადგენლების შეხვედრის მეორე რაუნდის დასრულებისას. არჩილ თალაკვაძემ თქვა, რომ მმართველი გუნდი მაქსიმალურად ცდილობს, რომ პოზიციები დაახლოვდეს.
"მოგეხსენებათ, რომ საპარლამენტო არჩევნები ჩატარებულია. მივესალმებით დიალოგის ფორმატს და მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ პოზიციები დავაახლოვოთ, რათა დემოკრატიამ და ჩვენი ქვეყნის პოლიტიკურმა სისტემამ განაგრძოს სტაბილურად ფუნქციონირება.
კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ მოლოდინი არ გვაქვს, რომ ამ ფორმატში, პოლიტიკურ პარტიებს შორის დიალოგი ამოიწურება, მზად ვართ, ეს დიალოგი გავაგრძელოთ საქართველოს მეათე მოწვევის პარლამენტში.
ვფიქრობ, რომ ჩვენი საზოგადოების და ქვეყნის ინტერესებშია პოლიტიკური სტაბილურობა, მეტი თანამშრომლობის შესაძლებლობის მოძებნა პოლიტიკურ პარტიებს შორის და ჩვენს მიერ ჩატარებული დემოკრატიული რეფორმები და საპარლამენტო არჩევნები ამის შესაძლებლობას ნამდვილად აძლევს ყველას და მოდით, ეს შესაძლებლობა გამოვიყენოთ“, – აცხადებს არჩილ თალაკვაძე.