"ლეიბორისტული პარტიის" ლიდერის, შალვა ნათელაშვილის განცხადებით, ხელისუფლებასთან მოლაპარაკების მეორე რაუნდი ხელშესახები შედეგის გარეშე დასრულდა.
მისივე თქმით, ოპოზიციის პოზიცია არ შეცვლილა და ისინი კვლავ ხელახალი არჩევნების ჩატარებას ითხოვენ.
"გრძელდება დიალოგის სერია აშშ-ს ელჩისა და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელის შუამავლობით. რაიმე ხელშესახები შედეგები დღეს ვერ იქნა მიღწეული. იმედია, გაგრძელდება ეს, მაგრამ, მთავარია, ხალხის წინააღმდეგობა ქუჩებში გაგრძელდეს და შედეგი იქნება. ეს ორივე პროცესი - მოლაპარაკების და სახალხო წინააღმდეგობის უნდა წავიდეს პარალელში და მერე იქნება ხელშესახები შედეგები. "ქართულ ოცნებას" არავითარი წინადადება არ აქვს, გარდა იმისა, რომ ივანიშვილი გამოგვიცხადონ უვადო, შეუზღუდავ მმართველად.
ჩვენი პოზიცია უცვლელია, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები, სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს, რადგან ძალაუფლება მიიტაცეს, წაართვეს ხალხს და ეს ხელში ჩაიგდო მოსახლეობის 3%-იანმა ფენამ, რომელიც ჩაგრავს 97%-ს”, -განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.