საქართველოში ფრანგული ენის გაძლიერების თვალსაზრისით დამატებითი შესაძლებლობების მოძიება მოხდება.
ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ფრანკოფონის სამიტზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის ინფორმაციით, სამიტზე საქართველოს დამკვირვებლის სტატუსი აქვს, რაც პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლას არ ითვალისწინებს. თუმცა, სამიტის მონაწილეებმა მიხეილ სააკაშვილი ძალზე მნიშვნელოვან სტუმრად მიიჩნიეს და გამონაკლისის სახით, სიტყვით გამოსვლისთვის მას დრო საგანგებოდ გამოუყვეს.
"საქართველოს პრეზიდენტმა სამიტის წევრ ქვეყნებს მადლობა გადაუხადა მხარდაჭერისთვის, დააფიქსირა ფრანგულენოვანი ქვეყნებისადმი მხარდაჭერა და აღნიშნა, რომ საქართველოში ფრანგული ენის გაძლიერების თვალსაზრისით დამატებითი შესაძლებლობის მოძიება მოხდება", - აღნიშნა კალანდაძემ.
შეგახსენებთ, რომ 23-24 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი შვეიცარიის ქალაქ მონტროში ფრანკოფონიის სამიტს დაესწრო.
სამიტზე მიღებული იქნა კომუნიკე, რომლშიც ნათქვამია, რომ ორგანიზაციის წევრი სახელმწიფოები ცალსახად უჭერენ მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას მის საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრებში. ასევე, დოკუმენტში ხაზგასმითაა აღნიშნული, რომ ჟენევის ფორმატში ეთანხმებიან შეხვედრების გაგრძელებას და მხარს უჭერენ გაეროს რეზოლუციას დევნილების უპირობო დაბრუნების თაობაზე. სამიტის მონაწილეებმა რეზოლუციის ტექსტში რუსეთის მხრივ ექვსპუნქტიანი ხელშეკრულების შესრულების მოთხოვნაც გამოხატეს.
ფრანკოფონიის სამიტზე 70 ქვეყანა მონაწილეობს და ამ ქვეყნებს, ძირითადად, მათი პირველი პირები წარადგენენ.