ევროპული საქართველოს ერთ- ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ამბობს, რომ წარმოდგენა არ აქვს, რა მოლაპარაკებების ჩაშლაზე საუბრობს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე, გრიგოლ ვაშაძე.
როგორც ელენე ხოშტარია ტაბულასთან საუბარში ამბობს, სამწუხაროა, რომ გრიგოლ ვაშაძემ აირჩია ურთიერთობის საჯარო ბრალდებების ფორმა და მისთვის ძალიან გაუგებარია, რა არის ამის საფუძველი.
"ძალიან სერიოზულ რამეს ამბობს, რომ თურმე, რაღაც მზადდებოდა და ჩაიშალა. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გამოვიდეს და განმარტოს, რა მზადდებოდა და რა ჩაიშალა. მომზადების შესახებაც უნდა ყოფილიყო ოპოზიციისთვის ცნობილი. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს, რა ტიპის მოლაპარაკება მზადდება, რა თემებზე, რამდენად პასუხობს იმ მოთხოვნებს, რაც ჩამოყალიბებულია ოპოზიციაში. და მეორე, თუ ჩაიშალა, ვინ ჩაშალა? ესეც ძალიან სერიოზული საკითხია. საზოგადოებაში დამაბნეველი, ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია არ უნდა გადიოდეს ოპოზიციიდან", – ამბობს ელენე ხოშტარია.
მისი შეფასებით, როდესაც ასეთ რამეს ამბობ, ვალდებული ხარ, რომ ხალხმა იცოდეს, რაშია საქმე და არ შეიძლება, რომ ოპოზიცია ასეთ მდგომარეობაში ჩააყენო, მით უმეტეს, უცნობი ფაქტებით.
"წარმოდგენა არ მაქვს, მისი მოტივაცია რა არის, მაგრამ ფაქტია, რომ დაბნეულობა შემოიტანა და პასუხისმგებელია ამაზე. არ შეიძლება რაღაც ისროლო და მერე გაჩუმდე, უნდა აიხსნას, რაზე ლაპარაკობს, რატომ ლაპარაკობს და ძალიან მნიშვნელოვანია დაისვას ეს კითხვები". – ამბობს ელენე ხოშტარია.
გრიგოლ ვაშაძემ 11 ნოემბერს თქვა, რომ "სტრატეგიული პარტნიორების ჩართულობით თითქმის მომზადებული დიალოგი ჩაიშალა".