პოლიტიკური პროცესის შეფასება დღეს სულ უფრო და უფრო მეორეხარისხოვანი ხდება, ჩვენი მოქალაქეების და მოსახლეობის დავალება არის პირდაპირი, რომ ამ პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა ვიპოვოთ, აცხადებს საქართველოს პრემიერ-მინისტრი, რომელმაც მთავრობის დღევანდელი სხდომა არსებული პოლიტიკური ვითარების შეფასებით დაიწყო. მისი განცხადებით, პოლიტიკური მდგომარეობიდან სწრაფი გამოსავალი უნდა იპოვონ, რაც საქართველოს მოქალაქეების, მოსახლეობის დავალებაა.
"დარწმუნებული ვარ, პოლიტიკური სპექტრი სრულად იაზრებს ამას. მიუხედავად ამისა, კარგად მესმის, გარკვეული დესტრუქციული ნაბიჯები და ქმედებები გაგრძელდება, თუმცა ყველანი კარგად უნდა შევთანხმდეთ იმაზე, რომ მსგავს დესტრუქციულ ნაბიჯებს და ქმედებებს ჩვენი მოქალაქეების მხარდაჭერა არ და ვერ ექნება. ეს ნათელი გახდა 31 ოქტომბერს, როდესაც საქართველოს მოქალაქემ 9 პოლიტიკური ძალა აღჭურვა მანდატით, წარმოდგენილი ყოფილიყვნენ საქართველოს საკანონმდებლო ორგანოში, ეს მანდატი იყო და არის პასუხისმგებლობის მანდატი ქვეყანაზე და ქვეყნის მომავალზე“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.