საქართველოს პრემიერ მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ მოუთმენლად მოელის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომეოს ვიზიტსს საქართველოში.
მისი თქმით, პომპეოს ვიზიტი კიდევ უფრო განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას.
"მოუთმენლად ველი შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივან მაიკლ პომპეოს საქართველოში. მისი ვიზიტი განამტკიცებს აშშ-საქართველოს ყველა დროის უმაღლეს ნიშნულზე მყოფ სტრატეგიულ პარტნიორობას. ვიზიტის ფარგლებში განვიხილავთ რეგიონში არსებულ გეოპოლიტიკურ სიტუაციას და ჩვენს თანამშრომლობას თავდაცვისა და უსაფრთხოების სფეროებში", - წერს გახარია სოციალურ ქსელში.
მაიკ პომპეო საქართველოს 17-18 ნოემბერს ეწვევა.
ვიზიტის ფარგლებში სახელმწიფო მდივანი შეხვედრებს გამართავს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასთან, საქართველოს პრეზიდენტთან სალომე ზურაბიშვილთან და საგარეო საქმეთა მინისტრ დავით ზალკალიანთან.
მაიკ პომპეო თბილისში, ასევე, შეხვდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ეს.