"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" ლიდერი ნინო ბურჯანაძე "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, გრიგოლ ვაშაძის განცხადებას ეხმიანება.
ბურჯანაძის განცხადებით, ის დარწმუნებულია, რომ გრიგოლ ვაშაძე ოპოზიციურ ერთობას არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს.
"ვართ ქუჩაში, ველოდებით ახალ არჩევნებს, როგორც კი ხელახალი არჩევნები ჩატარდება განახლებული კომისიით და სამართლიანი არჩევნებით, რა თქმა უნდა, დავემორჩილებით ხალხის ნებას. მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ბატონი გრიგოლი არავითარ შემთხვევაში არ უღალატებს ოპოზიციურ ერთობას, ის უბრალოდ, ჩემი აზრით, ცდილობს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა ჩართოს ამ პროცესში. ყველა სიტყვას ბუნებრივია, მისი განცხადებისას, არ ვეთანხმები, მაგრამ საერთაშორისო კომპონენტის ჩართვა და მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომა ცუდი არ არის", - განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.
გრიგოლ ვაშაძემ ცოტა ხნის წინ განცხადება გაავრცელა და მოუწოდა ყველა პარტიას, სასწრაფოდ გადაიტანონ პროცესი მოლაპარაკების მაგიდასთან.
"ჩავანაცვლოთ ქუჩა ყველა დონის საკანონმდებლო ორგანოების ტრიბუნით და ყველა ძალას მოვუხმოთ სახელმწიფოს ღრმა კრიზისიდან გამოსაყვანად" - ვაშაძის სრული განცხადება იხილეთ აქ.
მოგვიანებით, გრიგოლ ვაშაძემ პირველი განცხადების კვალდაკვალ, მეორე, დამაზუსტებელი განცხადება გაავრცელა.