სომხეთის პრეზიდენტი არმენ სარგსიანი აცხადებს, რომ ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ მედიის საშუალებით შეიტყო.
მისი თქმით, ამ საკითხთან დაკავშრებით მასთან არანაირი კონსულტაცია არ გამართულა.
"პრესაში გავრცელებული ცნობებიდან შევიტყვე, რომ ხელი მოეწერა შეთანხმებას რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან. ასევე, პრესისგან შევიტყვე ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ.
სამწუხაროდ, ჩემთან, როგორც სომხეთს პრეზიდენტთან არანაირი კონსულტაცია და დისკუსია არ გამართულა, არ მიმიღია მონაწილეობა არცერთ მოლაპარაკებაში.
ყარაბაღის კონფლიქტის მოგვარება ეროვნული მნიშვნელობის საკითხია. ნებისმიერი ნაბიჯი, რომელიც სომხეთის, არცახისა და მთლიანად სომეხი ხალხის სასიცოცხლო ინტერესებს ეხება, მით უფრო რაიმე დოკუმენტის გაფორმება უნდა იყოს ყოვლისმომცველი კონსულტაციების და დისკუსიების საგანი.
ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ არცახის, შესაბამისად სომეხი ხალხის ბედი შეიძლება გადაწყდეს მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით და მხოლოდ ეროვნული კონსენსუსის საფუძველზე.
ჩვენი მოქალაქეების მღელვარების გათვალისწინებით, დაუყოვნებლივ დავიწყებ პოლიტიკური კონსულტაციებს", - აცხადებს სომხეთის პრეზიდენტი.
სომხეთის პრემიერ მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან და აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან ერთად ხელი მოაწერა ყარაბაღში ომის დასრულების შესახებ შეთანხმებას.
განცხადების თანახმად, ცეცხლი სრულად 10 ნოემბრიდან შეწყდება, აზერბაიჯანი და სომხეთი გაჩერდებიან დაკავებულ პოზიციებზე, ასევე გაცვლიან ტყვეებს, აგრეთვე ყარაბაღში განლაგდებიან რუსი მშვიდობისმყოფელები. სომხეთის პრემიერმა ნიკოლ ფაშინიანმა "ფეისბუქზე" დაწერა, რომ ეს შეთანხმება მისთვის უკიდურსად მძიმე გადაწყვეტილება იყო.
ამ გადაწყვეტილებას სომხეთის დედაქალაქში არეულოებები მოყვა, რომელიც ამ დრომდე გრძელდება. ათასობით დემონსტრანტი ქუჩაშია გამოსული, მათ დაიკავეს მთავრობისა და პარლამენტის შენობები.