ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ხელისუფლების მხრიდან ძალის გამოყენების მიუხედავად, საპროტესტო ტალღა არ შეწყდება და ოპოზიცია იქამდე გააგრძელებს ბრძოლას, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
"ჩვენ არ დავთმობთ, საქართველოს მოქალაქეებს სჭირდებათ თავისუფალი არჩევნები და ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ამ ადმინისტრაციის გარეშე. რაც არ უნდა დაგვარბიონ, გვასხან წყალი, პირიქით, უარესი მოუვათ. მივმართავ ყველა პოლიციელს, ნუ წახვალთ ხალხის წინააღმდეგ, ეს არის ძალიან ცუდი საქციელი. ბიძინა ივანიშვილს არ უნდა გადაეფაროთ ადამიანს, რომელიც საკუთარი მოსახლეობის წინააღმდეგ მიდის", - განაცხადა ხატია დეკანოიძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა ცოტა ხნის წინ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე მომიტინგე დაშავდა.
მომიტინგეებმა ცესკო-სთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.