ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, სპეციალური დანიშნულების რაზმმა მომიტინგეების წინააღმდეგ ძალა ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენა და ეს ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს სცდება.
"ჩვენ, კოლონის ნაწილი სანამ მოვიდოდით მარშით, სულ რამოდენიმე ადამიანი იდგა და ამ ადამიანების წინააღმდეგ ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე გამოიყენეს წყლის ჭავლი პანდემიის პირობებში, რაც ყოველგვარ სამართლებრივ ჩარჩოს სცდება. ეს არის კრიმინალური ხელისუფლება და ქალბატონი ჟვანია არის კრიმინალი, სისხლის სამართლის დამნაშავე ისევე, როგორც ყველა ადამიანი ვინც იყენებს ახლა ძალას ადამიანების წინააღმდეგ", - განაცხადა დეკანოიძემ.
ცენტრალურ საარჩევნო კომისიასთან მისული საპროტესტო აქციის მონაწილეების წინააღმდეგ სპეცდანიშნულების რაზმმა ცოტა ხნის წინ წყლის ჭავლი გამოიყენა, რის შედეგადაც რამდენიმე მომიტინგე დაშავდა.
მომიტინგეებმა ცესკო-სთან პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიიდან გადაინაცვლეს, სადაც მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. ისინი საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, თამარ ჟვანიას გადადგომას, ხელახალი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას და პოლიტპატიმრების გათავისუფლებას ითხოვენ.