მოვუწოდებ ჩვენს ძალოვნებს, პოლიციას, დაყარეთ ეგ მუნდირები ამ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან და შემოუერთდით ხალხს. განაცხადა "ლეიბორისტული პარტიის" ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის წინ შეკრებილ საპროტესტო აქციაზე.
"1989 წლის 9 აპრილს, აქ ქართული პოლიცია, მაშინდელი მილიცია თავისუფლებისთვის გამოსულ ადამიანებს ზედ გადაეფარა და უზარმაზარი მსხვერპლისგან გადავრჩით. პოლიცია გადაეფარა. მინდა, მოვუწოდო ჩვენს ძალოვნებს, პოლიციას, დაყარეთ ეგ მუნდირები ამ სამარცხვინო ხელისუფლების ფეხებთან და შემოუერთდით ხალხს. ვერ ავიტანთ მეტ შიმშილს, სიღატაკეს, ტყუილს, ძარცვას, ქვეყნის დაცლას, მომავლის გაურკვევლობას, თავლაფის დასხმას, შეურაცხყოფას, ძალადობას და ამ ყველაფერზე დღეს იწყება განაჩენის დაწერა", - განაცხადა ნათელაშვილმა.
შალვა ნათელაშვილის თქმით, დაწყებულია ძალიან დიდი ბრძოლა ეროვნული თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის.
"ჩვენ ვერაფერს დაგვიშავებს კორონა და ეპიდემია, მთავარი მტერია ბიძინა ივანიშვილი, რომელიც უნდა მოვიცილოთ. დიდი ილია ამბობდა, "თავისუფლების შოვნაი სჯობს საშოვნელსა ყველასა". დღეს კი დიდი ილიას დაბადების დღეა და ხედავთ, რა დამთხვევა გამოვიდა, თავისუფლებისათვის ქართველი ერი მოედანზეა და ის თავისუფლებას აუცილებლად მოიპოვებს.
გუშინ ამერიკელმა ხალხმა ისტორიული გადაწყვეტილება მიიღო და თქვა, რომ ოლიგარქიის ადგილი პოლიტიკაში არაა, ეს ისტორიული გადაწყვეტილება ჩვენ მისაღები გვაქვს ამ დღეებში და ოლიგარქია, თანაც რუსული, უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ", - თქვა შალვა ნათელაშვილმა.
ოპოზიციური პარტიები, მათ მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები არჩევნების შედეგებს პროტესტებენ.
შეგახსენებთ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.