რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაიწყო. პარლამენტთან ოპოზიციური პარტიების ლიდერები, მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები შეიკრიბნენ.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთმა ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ მიმართა.
ელენე ხოშტარიას განცხადებით, დღეს საპროტესტო აქციაზე შეიკრიბნენ არა საპარლამენტო მანდატებისთვის, არამედ თავისუფალი არჩევანისთვის.
"ჩვენ ვდგავარ ადგილზე, სადაც 30 წლის წინ შეუპოვარი ბრძოლით, ერთიანობით, პრინციპულობით ჩვენმა თანამოქალაქეებმა გამოძერწეს, შეიძინეს და გადმოგვცეს თავისუფლება. თავისუფლება, რომლის გარეშე ჩვენი სახელმწიფო არ არსებობს. ამ თავისუფლების მთავარი აზრი არის ის, რომ ძალაუფლებას განსაზღვრავს ხალხის ნება, მოქალაქის ნება და არჩევანი, თავისუფალი საქართველოს მოქალაქე განსაზღვრავს ძალაუფლებას და არავინ სხვა. დღეს, სწორედ ეს 30-წლიანი მონაპოვარი, რომლის წინაშე ჩვენ ყველა სათითაოდ, მნიშვნელობა არ აქვს რა სტატუსის ვართ, განსხვავებულად ვფიქრობთ თუ არა, ამ მონაპოვარის წინაშე, რომ არ წაგვართვან თავისუფალი არჩევანი, ყველა პასუხისმგებელი ვართ, დღეს ეს თავისუფლება საფრთხეშია.
ჩვენ დღეს აქ არ ვდგავართ არც მანდატებისთვის, არც საპარლამენტო სკამებისთვის, არც რომელიმე კონკრეტული ჯგუფისთვის, ჩვენ აქ ვდგავართ თავისუფალი არჩევანისთვის, არჩევნებისთვის, რომელიც გადაწყვიტეს, რომ აიღონ და უცებ წაგვართვან. რაზეც ჩვენ ყველა, ამდენი ადამიანი ვეუბნებით არას. ვერ წაგვართმევთ. საქართველოს მართავს მოქალაქე, მოქალაქეების ნება და არავინ სხვა", - თქვა ელენე ხოშტარიამ.
ოპოზიციური პარტიები, მათ მხარდამჭერები, სამოქალაქო აქტივისტები და მოქალაქეები არჩევნების შედეგებს პროტესტებენ.
შეგახსენებთ, ყველა ოპოზიციურმა პარტიამ არჩევნების შედეგებს ბოიკოტი გამოუცხადა და საპარლამენტო მანდატებზე უარი თქვა.
ფოტო: ელენე ხოშტარია