დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ანა დოლიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საარჩევნო კომისიების ოქმები გაასაჩივრა.
დოლიძის თქმით, დღევანდელ სხდომაზე, მის მიერ გასაჩივრებული 11 ოქმი განიხილება, ორშაბათს კი კიდევ 40 ოქმის გასაჩივრება იგეგმება.
ანა დოლიძე თბილისის საქალაქო სასამართლოში შოთის პურით მივიდა ნიშნად იმისა, რომ "სამართალმა პური აუცილებლად უნდა ჭამოს".
"მე ამათ მოვუტანე შოთის პური, როგორც იმის სიმბოლო, რომ მურუსიძე-ჩინჩალაძის სისტემის ყველა მოსამართლემ ძალიან კარგად უნდა იცოდეს, რომ საბოლოო ჯამში, სამართალი პურს აუცილებლად ჭამს. ჩვენ გავასაჩივრეთ საოლქოს ყველა ოქმი, რადგან საოლქომ ვერ გაბედა და ვერ გაგვიხსნა დიდუბე-ჩუღურეთში ვერც ერთი ყუთი, რადგან ძალიან კარგად იცის, რომ იქ იმალება ისეთი ჭუჭყი, რომელსაც შეუძლია, მთლიანად წალეკოს ეს ქვეყანა. ბოლომდე ვიბრძოლებთ, ვიდრე სისტემა და თამარ ჟვანიასნაირი თაღლითები არ დაინახავენ, რომ მშიერი სამართალი საბოლოო ჯამში პურს აუცილებლად იგემებს. გავასაჩივრეთ 11 ოქმი, დანარჩენ 40-ს ორშაბათს გავასაჩივრებთ", - განაცხადა ანა დოლიძემ.