სასამართლომ პროკურატურის მოთხოვნა ნაწილობრივ დააკმაყოფილა და ენმ-ის ლიდერს, ნიკა მელიას გირაო 70 000 ლარამდე გაუზარდა. ასევე, ნიკა მელიას აეკრძალა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დატოვება ბრალდების მხარის წინასწარი ინფორმირების და თანხმობის გარეშე.
ნიკა მელია სასამართლო პროცესს არ ესწრებოდა.
პროკურატურამ ნიკა მელიასთვის გირაოს 100 000 ლარამდე გაზრდას ითხოვდა. უწყებამ გადაწყვეტილება მას შემდეგ მიიღო, რაც მელიამ პარლამენტთან გამართული აქციის დროს ელექტრონული სამაჯური მოიხსნა და გადააგდო. აქციაზე 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებდნენ.
20 ივნისის საქმეზე ნიკა მელიას ბრალი რამდენიმე დღეში, 25 ივნისს წარუდგინეს. მას აღკვეთის ღონისძიებად 25 000-ლარიანი გირაო შეეფარდა და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას საჯარო განცხადებების გაკეთება აეკრძალა. ნიკა მელიას ელექტრონული სამაჯური გაუკეთეს და პროკურატურის ნებართვის გარეშე საცხოვრებელი ადგილის დატოვება შეუზღუდეს.
იმ დროს ენმ-ის დეპუტატს გამოძიება 20 ივნისის აქციაზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობასა და მასში მონაწილეობას ედავებოდა.
ფოტო: "ფორმულა"