არასამთავრობო ორგანიზაციის "დავასრულოთ" დამფუძნებელი ია მეტრეველი საპარლამენტო არჩევნებში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შედეგებით გაკვირვებული. ამის შესახებ მეტრეველმა "იმედის" ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, "ევროპული საქართველოს" შედეგები სავსებით მისაღებია [გულისხმობს 3%-ს, რომელიც "იმედის" დაკვეთით ჩატარებული ეგზიტოპოლით მიიღო ამ პარტიამ].
"მივულოცავ ჩვენს ქვეყანას დღევანდელ გამარჯვებას. შედეგები ეგზიტპოლის არის, მაგრამ უკვე ნათელია, რომ „ქართული ოცნება“ ბევრად უპირატესობს. ნამდვილად მქონდა ამის მოლოდინი და მადლობა თითოეულ მოქალაქეს, ჩვენი ქვეყნის მცხოვრებს, რომელმაც ყველაფერი გადადო და მივიდა არჩევნებზე, თუნდაც აი, ამ უჩვეულო ვითარებაში, რასაც ეს პანდემია ქმნის ქვეყანაში და მსოფლიოში. გაოცებული ვარ ხალხის რაოდენობა ისეთი იყო. ძალიან გახარებული ვარ. მე ველოდი, რომ ასეთი შედეგი იქნებოდა, ალბათ კიდევაც აიწევს ციფრი უფრო მეტად. მაგრამ ისიც უნდა აღვნიშნო, რომ გაკვირვებული ვარ. 23%-ს თუ აიღებდნენ „ნაციონალები“ არ მეგონა. ვერ წარმომიდგენია ამდენი თუ კიდევ ჰყავთ მომხრე. რაც შეეხება „ევროპელებს“, ეს აბსოლუტურად მისაღებია, 3%-იც ზედმეტია მათთვის. მე ვფიქრობ, რომ სამართლიანი გამარჯვებით გაიმარჯვა ქართველმა ხალხმა დღეს. კარგად ვიცით, რომ ეს ბრძოლა და ეს არჩევნები ჩვეულებრივი არ არის. ეს არის დიდ ბოროტებას, სიბნელესა და ქვეყნის ნათელ მომავალს შორის არჩევანი და სწორედ დღეს ხალხმა აირჩია ნათელი მომავალი და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი", - განაცხადა მეტრეველმა.