„დღეს, ჩვენმა მოქალაქეებმა, თავისი ხმა, თავისი მონაწილეობა არჩევნებში გამოიყენეს იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი და „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას“,- ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ საარჩევნო უბნების დახურვისა და ეგზითპოლების შედეგების გამოცხადების შემდეგ, საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა.
არჩილ თალაკვაძემ მხარდამჭერებს, ცენტრალური საარჩევნო ადმინისტრაციის თანამშრომლებს შს სამინისტროს, მედპერსონალსა და ეპიდემიოლოგებს დემოკრატიული არჩევნების მშვიდ და უსაფრთხო გარემოში ჩასატარებლად გაწეული სამუშაოსთვის მადლობა გადაუხადა.
პარლამენტის თავმჯდომარემ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მნიშვნელობაზეც გაამახვილა ყურადღება და განაცხადა, რომ ამ არჩევნების დამსახურებით, საქართველომ გადადგა წარმატებული ნაბიჯი უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ.
პირველ რიგში, მთავარი დამსახურება ამ არჩევნების არის ის, რომ საქართველომ გადადგა წარმატებული ნაბიჯი უფრო ძლიერი დემოკრატიისკენ, რაც ნიშნავს უფრო მეტ ნდობას ჩვენი ქვეყნის მიმართ, უფრო მეტ თანამშრომლობას და მონაწილეობას ჩვენი მოქალაქეებისა ქვეყნის მართვის პროცესში, რასაკვირველია, ეს პირდაპირ აისახება დადებითად ჩვენი ქვეყნის მომავალზე“,- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
მისივე თქმით, ეს არის ისტორიული გამარჯვება და „ქართული ოცნება“ უკვე მომდევნო დღეებშივე ეცდება, რომ ეს გამარჯვება მომავალ წარმატებებად გარდაქმნას. მან ისაუბრა არსებულ გამოწვევებსა და „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდში მიღწეულ პროგრესზე.
"მინდა, მივულოცო „ქართული ოცნების“ თითოეულ მხარდამჭერს, ლიდერებს, ეს არის ნამდვილად ისტორიული გამარჯვება და ჩვენ უკვე მომდევნო დღეებში ვეცდებით, რომ ეს მხარდაჭერა გარდავქმნათ მომავალ წარმატებებში. კარგად გვესმის, რომ არაერთი პრობლემა რჩება ქვეყანაში, არაერთი ოჯახი რჩება, ჩვენი თანამოქალაქე რჩება, ვისაც ჭირდება სახელმწიფოს ძლიერი მხარდაჭერა და ჩვენ ამ საქმეს უკვე ხვალიდანვე შევუდგებით. საქართველომ დაამტკიცა, რომ თუნდაც, კოვიდ პანდემიის პირობებში, შეუძლია თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარება. ჩვენი საზოგადოების მხარდაჭერით, ამ წლების განმავლობაში, გავატარეთ ფუნდამენტური დემოკრატიული რეფორმები, შევცვალეთ ქვეყნის კონსტიტუცია ევროპული ტიპის კონსტიტუციით, შევცვალეთ საარჩევნო სისტემა ისე, როგორც ვერცერთმა წინა ხელისუფლებამ ეს ვერ მოახერხა და შევძელით, ისეთი ფუნდამენტური ცვლილებების გატარება ქვეყანაში, როგორიც არის ადამიანის უფლებების სფეროში რეფორმები, ინფრასტრუქტურის განახლება, განათლების მნიშვნელოვანი რეფორმა და რაც მთავარია, საყოველთაო ჯანდაცვა, რომელმაც უზრუნველყო ჩვენთვის უსაფრთხო არჩევნების ჩატარება. დღეს, ჩვენმა მოქალაქეებმა, თავისი ხმა, თავისი მონაწილეობა არჩევნებში გამოიყენეს იმისთვის, რომ ერთად შევქმნათ უკეთესი მომავალი და „ქართული ოცნება“ მომავალზე იღებს სრულ პასუხისმგებლობას. ჩვენ ვართ გარანტორი, რომ თავისუფლების ხარისხი, ადამიანის უფლებების დაცვა, წარმატებები საგარეო პოლიტიკაში, ეკონომიკის აღდგენა და დაბრუნება განვითარების იმ ტემპებში, რომელშიც ვიყავით, ინფრასტრუქტურის შემდგომი განახლება, რაც მთავარია, სამართლიანი ურთიერთობები სახელმწიფოსა და მოქალაქეს შორის - ეს ყველაფერი იქნება გარანტირებული“,- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.