სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და რეადმისიასთან დაკავშირებით მომზადებული ტექსტების პარაფირება წლის ბოლომდე მოხდება.
როგორც საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილე ნინო კალანდაძემ დღეს გამართულ, კვირის შემაჯამებელ ბრიფინგზე განაცხადა, ამ საკითხებზე ევროკავშირთან მოლაპარაკებები დასრულების სტადიაში შედის.
"სავიზო რეჟიმის გამარტივებისა და რეადმისიასთან დაკავშირებით ევროკავშირთან მოლაპარაკებები საბოლოო სტადიაშია. მნიშვნელოვანია, რომ ეს ორგანიზაცია დავიყოლიერთ, ორივე ტექსტის პარაფირება წლის ბოლომდე მოხდეს, რის შემდეგაც გარკვეული პროცედურების გავლის შემდეგ დოკუმენტის ხელმოწერა უნდა მოხდეს, თუმცა თუ ეს წლის ბოლომდე არ გამოვა, ამაში საგანგაშო არაფერი იქნება", - განაცხადა კალანდაძემ.
მისივე განმარტებით, გამარტივებული პროცედურებით ევროპის ქვეყნებში სამოგზაუროთ ვიზების აღება ბიზნესმენებს, სტუდენტებს, კვალიფიკაციის ამაღლების მსურველ პირებს, სამკურნალო მიზნით წამსვლელებს, უცხოეთში ახლო ნათესავების მყოფებს, ჟურნალისტებს და სხვა დარგის სპეციალისტებს შეეხებათ.
შეგახსენებთ, რომ პროცედურულად გამარტივებული სავიზო რეჟიმი და რეადმისიის შესახებ შეთანხმება ძალაში დოკუმენტების ოფიციალურად გაფორმებიდან 9 თვეში შევა.