არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება ისე, როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“, - განაცხადა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ გენერალური მდივანმა, კახა კალაძემ ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ლევან ტურძელაძის წარდგენაზე.
მისი თქმი, ეს არის არჩევნები, რომელშიც, ქართველი ხალხი კიდევ ერთხელ მისცემს ხმას ადამიანის უფლებების დაცვის, ეკონომიკური განვითარების, ევროპული მომავლისა და მეტი კეთილდღეობის სასარგებლოდ.
„დღეს ჩვენმა ოპონენტებმა გამართეს აქცია. ცხრაწლიანი სისხლიანი რეჟიმის ნოსტალგიის შემდეგ ასე თუ დამძიმდებოდნენ, საბჭოთა ნოსტალგია შეიპყრობდათ ნამდვილად არ მეგონა. თუმცა, არჩევნების წინ საბოლოო ლუსტრაცია მოახდინეს. მე ერთი რამ შემიძლია გითხრათ, რომ საქართველოში ვერასდროს და არასდროს დაბრუნდება მოძალადე ხელისუფლება. ისე როგორც არასდროს დაბრუნდება „სავეცკაია გრუზია“. ჩვენ ამას არავითარ შემთხვევაში არ დავუშვებთ.
ჩვენი ადგილი ევროპაშია და შემთხვევით არ არის ის, რომ ყველა რეფორმა, ყველა გადადგმული ნაბიჯი მიმართულია იმისკენ, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავხდეთ იმ დიდი ოჯახის წევრი, რომელსაც ევროპა ჰქვია.
მე, როგორც ქალაქის მერს, არ მაქვს უფლება, არ ვისაუბრო დედაქალაქში განხორციელებულ პროექტებზე, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში ძალიან უხვადაა. მეამაყება, რომ ჩვენი ყოველდღიური ქმედებებით, მუშაობით ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ჩვენი თბილისი იყოს კეთილმოწყობილი, გამართული ინფრასტრუქტურით, ლამაზი სკვერებით, პარკებით.
არ დავიწყებ ყველა იმ პროექტის ჩამოთვლას, რაც ვაკის რაიონში განხორციელდა. თუმცა, არ შემიძლია, არ გამოვეხმაურო ჭავჭავაძის გამზირის რეაბილიტაციას, რომელიც შეიძლება ითქვას, რომ ქართულ ინფრასტრუქტურაში არის ახალი სიტყვა და ეს არის თანამედროვე, ევროპული პროექტი, ასეთი გვინდა იყოს თბილისი. ასე უნდა იყოს მოწესრიგებული ყველა ქუჩა, ყველა გამზირი.
ჩვენთვის არ არსებობს პრიორიტეტული უბნები და რაიონები. ჩვენთვის ყველა რაიონს, ქუჩას, გამზირს ერთნაირი მნიშვნელობა აქვს და ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ ყველაფერი გამოსწორდეს, მოწესრიგდეს.
რაც შეეხება ზოგადად პრობლემებს, რა თქმა უნდა, მე არ მერიდება არც ამაზე საუბარი და ძალიან კარგად ვიცი, თუ რამდენი პრობლემაა ქალაქში. პრობლემები, რომელიც 30 წლის განმავლობაში გროვდებოდა, მაგრამ მე, როგორც ქალაქის მერს, იმ გუნდის წარმომადგენელს, რომელსაც „ქართული ოცნება დემოკრატიული საქართველო“ ჰქვია, მაქვს ამბიცია, რომ ყველაფერი გავაკეთოთ, ვიშრომოთ 24 საათის განმავლობაში და ღირსეულად ვუპასუხოთ იმ პრობლემებსა და გამოწვევებს, რაც ჯერ კიდევ არსებობს ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში. ამ ყველაფერში ჩვენი ერთობა მნიშვნელოვანია“, - თქვა კალაძემ.