ჩვენ გვყავს ძალიან დახვეწილი გუნდი, როგორც გამოცდილი სახეებით წარმოდგენილი, ასევე ახალი სახეებით წარმოდგენილი. ეს გუნდი უზრუნველყოფს ჩვენი პროგრამის სათანადოდ განხორციელებას. განაცხადა "ქართული ოცნების" აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ეთერში პარტიის საარჩევნო პროგრამის პრეზენტირებისას.
ირაკლი კობახიძის თქმით, მხოლოდ ქართულ ოცნებას შეუძლია უზრუნველყოს იმ დემოკრატიული მიღწევების შენარჩუნება, რომელიც "ჩვენ გვაქვს 2012 წლიდან მოყოლებული".
"ჩვენი ამოცანა არის ეკონომიკის შემდგომი განვითარება და გაძლიერება და აქ გვაქვს კონკრეტული ამბიციური ამოცანა, რომ მინიმუმ 40%-ით გავზარდოთ ჩვენი ეკონომიკა, რაც ნიშნავს თითოეული ჩვენი მოქალაქის კეთილდღეობის დონის ამაღლებას.
ჩვენი სოციალური პოლიტიკა არის გამორჩეული, ჩვენ მოვახერხეთ ჩვენი სოციალური ბიუჯეტის გასამმაგება, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა და ბუნებრივია ამ მიმართულებით შეგვიძლია ყველაზე წარმატებულად ძალისხმევის გაწევა.
და რაც შეეხება საგარეო პოლიტიკას, ჩვენ ვუზრუნველყავით მშვიდობა ჩვენს ქვეყანაში, გვაქვს უპრეცენდენტო მასშტაბის სტაბილურობის ხარისხი, უპრეცენდენტო მასშტაბის ურთიერთობები ჩვენს დასავლელ პარტნიორებთან.
ასევე თავდაცვის სფეროში, არის უამრავი სხვა სფერო, განათლება არის ჩვენი პრიორიტეტი, ახალგაზრდების მხარდაჭერა, სპორტია და კულტურის განვითარება. ყველა მიმართულებით გვაქვს ძალიან კონკრეტული გეგმა, რომელიც აუცილებლად იქნება ხორცშესხმული.
და რაც შეეხება მეორე ასპექტს, ეს არის რა თქმა უნდა, გუნდი. ნებისმიერ პროგრამას ნებისმიერ პროგრამას სჭირდება ძლიერი გუნდი და თქვენ იცით, რომ ჩვენ გვყავს ყველაზე ძლიერი გუნდი, რომლის სათავეში, საპარლამენტო სიის სათავეში პრემიერი გიორგი გახარია, რომელიც არის მოქმედი და მომავალი პრემიერ-მინისტრი და ის გაუძღვება ხელისუფლების, მთავრობის მუშაობას მომდევნო 4 წლის განმავლობაში და ჩვენ გვყავს ძალიან დახვეწილი გუნდი, როგორც გამოცდილი სახეებით წარმოდგენილი, ასევე ახალი სახეებით წარმოდგენილი. ეს გუნდი უზრუნველყოფს ჩვენი პროგრამის სათანადოდ განხორციელებას", - განაცხადა კობახიძემ.