ხვალ, 17 ნოემბერს, საქართველოს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მაღალი რანგის დელეგაცია ეწვევა.
ამის შესახებ ჟურნალისტებს ინფორმაცია, დღეს გამართულ ორშაბათის ტრადიციულ ბრიფინგზე, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელის მოადგილემ ნინო კალანდაძემ მიაწოდა.
მისი განმარტებით, დელეგაცია, რომელსაც სახელმწიფო მდივნის თანაშემწე მაიკლ პოზნერი უხელმძღვანელებს, თბილისში შეხვედრას საქართველო-აშშ-ის თანამშრომლობის ქარტიის ფარგლებში, დემოკრატიული პროცესების განვითარების საკითხზე გამართავს.
"ქარტიის ფარგლებში ოთხი სამუშაო ჯგუფი არსებობს, მათ შორის ერთ-ერთის, უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის შეხვედრა რამდენიმე კვირის წინ გაიმართა. მეორე სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე კი, საუბარი დემოკრატიულ პროცესებზე წარიმართება. კონკრეტულად მხარეები იმსჯელებენ იმაზე, თუ როგორ და რა ფორმით შეიძლება საქართველოს დემოკრატიის განვითარებაში აშშ-მ თავისი როლი შეასრულოს", - განმარტა კალანდაძემ.